logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

ბავშვთა ფეხბურთის ანალიტიკური ვებგვერდი და აპლიკაცია - StarLive ბაზარზე, სავარაუდოდ, 2025 წლიდან გამოჩნდება

სტარტაპი StarLive, რომლის მიზანი საქართველოში ბავშვთა ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობაა, ბაზარზე სავარაუდოდ, 2025 წლიდან გამოჩნდება.

როგორც სტარტაპის თანადამფუძნებელმა ზვიად გაბედავამ "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, აპლიკაციასა და ვებგვერდზე მიმოხილული იქნება როგორც ინდივიდუალური მოთამაშეების ანალიტიკა, ასევე მატჩების.

მისივე ინფორმაციით, StarLive 8-დან 19 წლამდე მოთამაშეებს მოიცავს. 

"სტარტაპი ემსახურება ბავშვთა ფეხბურთს, ბავშვთა საფეხბურთო აკადემიებს. ეს იქნება ბავშვთა ფეხბურთის ანალიტიკა, მათ შორის, კლუბის რეპორტები და ინდივიდუალური ანალიტიკა, რომელიც თავის მხრივ  თითოეულ მოთამაშეს და კლუბს განვითარების საშუალებას მისცემს. ეს საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ქართულ ფეხბურთს წინ წაწევს და უახლოეს 3-4 წელიწადში შედეგს აჩვენებს.

ეს იქნება როგორც აპლიკაცია, ისე ვებგვერდი. აპლიკაცია მორგებული იქნება აკადემიებსა და  ინდივიდუალურ მოთამაშეებზე. კერძოდ, მოთამაშეების ანალიტიკა, სტატისტიკა და რეკომენდაციები აპლიკაციის იმ მხარეს იქნება, რომელზედაც თვითონ მოთამაშე უნდა შევიდეს, ხოლო აკადემიების გვერდზე იქნება მატჩის რეპორტები და თითოეული ფეხბურთელის ანალიტიკა.  რაც შეეხება კონკრეტულ ვიდეოებს თამაშებიდან ჩვენს ვებგვერდზე იქნება განთავსებული, სადაც იმ გულშემატკივრებს შეეძლებათ შესვლა, ვისაც გამოწერილი ექნება ჩვენი სერვისი.

რა თქმა უნდა, ინდივიდუალურადაც შეუძლიათ მოგვმართონ, თუმცა ჩვენ საქართველოში წამყვან აკადემიებს მოვიცავთ. უკვე გვაქვს შეხვედრები და უახლოეს კვირებში გვექნება იმ კლუბების კონკრეტული ჩამონათვალი, რომლებთანაც საპარტნიორო ხელშეკრულებას გავაფორმებთ. ჩვენ მოვიაზრებთ ყველა მოთამაშეს 8-დან 19 წლის ჩათვლით. ვფიქრობთ, რომ ვებგვერდი 2025 წლისთვის ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლებისთვის", - აცხადებს ზვიად გაბედავა.

ცნობისთვის, სტარტაპი GITA-ს საგრანტო პროგრამის "₾25 000-მდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის" გამარჯვებულია.

StarLive - სტარტაპის მიზანია, უზრუნველყოს ბავშვთა ფეხბურთის თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია როგორც Live რეჟიმში, ასევე უზრუნველყოს თამაშის შემდგომ მოთამაშეების პერფორმანსისა და თამაშის სტატისტიკური ანალიზი. სტარტაპის მიზანია გახადოს თამაშები დისტანციურად ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის და ამასთანავე ახალგაზრდა მოთამაშეებს მიაწოდოს პერსონალიზირებული სტატისტიკა,  ხოლო  აკადემიებს მატჩის შემდგომი რეპორტები.

გამოგვყევით