logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

კახეთში, სასტუმრო "აგარანი" უახლოეს რამდენიმე თვეში გაიხსნება

კახეთში, სასტუმრო "აგარანი" უახლოეს რამდენიმე თვეში გაიხსნება. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კლასის სასტუმროს გახსნა ჯერ 2021 წელს, ხოლო შემდეგ 2022 წელს იყო დაანონსებული, თუმცა, პანდემიამ პროექტის მიმდინარნეობა შეაფერხა.

სასტუმრო კომპლექსი ერეკლე II-ის საზაფხულო რეზიდენციის მახლობლად, კახური ავთენტური სტილისა და თანამედროვე დიზაინის ჰარმონიული შერწყმით შექმნილ 30-მდე უნიკალურ ვილასა და სასტუმრო კომპლექსს აერთიანებს.

პროექტის თანამფლობელი და კომპანია "აგარანის მამულის"  ხელმძღვანელი გიორგი ქოჩლაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ  თელავის რაიონის სოფელ რუისპირში  56 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა დასრულდა, ამ დროისთვის კი შიდა მოწყობის სამუშაოები, მათ შორის, შიდა ინტერიერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. 

"აგარანის მამული აერთიანებს სასტუმროს კომპლექსს, რომლის სერვისებიც თქვენს განკარგულებაში იქნება. სასტუმროს დიზაინი, ისევე, როგორც ვილები ტრადიციული და თანამედროვე არქიტექტურის იდეალურ ნაზავს წარმოადგენს, რომელიც დროში გამოგზაურებთ,"-აცხადებს გიორგი ქოჩლაძე. 

როგორც გიორგი ქოჩლაძე აცხადებს, ტერიტორიის 1 ჰა-ზე ვენახებია გაშენებული. 

რაც შეეხება ვილებს, მისი მისი მშენებლობა იქნება პროექტის მეორე ეტაპი. გიორგი ქოჩლაძის განცხადებით, 30-მდე  მაღალი დონის ვილის მშენებლობა უკვე დაწყებულია. "დაგეგმილია ვილების გაყიდვა, ვისი სურვლიც იქნება შეგვიძლია მართვაში შესვლაც. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება ვილების მფლობელებისთვის გათვალისწინებული სასტუმროს მომსახურებით სარგებლობაც. კერძოდ, იქმნება  დაცული ტერიტორია, სადაც ვილების მფლობელებს  სასტუმროს მომსახურების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ნაწილი სასტუმროს მომსახურებების იქნება უფასო. მომსახურეობების დარჩენილ ნაწილზე ექნებათ  მუდმივი ფასდაკლება,"-აცხადებს ქოჩლაძე. 

პროექტში დაახლოებით 45 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. აქედან 17  მილიონი ლარი სასტუმროს მშენებლობის ღირებულებაა.

როგორც გიორგი ქოჩლაძე აცხადებს, კომპლექსის პროექტი გოგი სულაბაერიძეს ეკუთვნის. სასტუმროს დიზაინსა და ფასადზე კომპანია „სპექტრუმმა“ იმუშავა. გამოყენებულია ეთნიკური სტილის თანამედროვე ინტერპრეტაცია. მასალები შერჩეულია რეგიონისთვის დამახასიათებელი, როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე ხასიათით, კერძოდ, კოშკი მოპირკეთებულია რიყის ქვით, დეტალებად კი გამოყენებულია აგურის ვერტიკალური და ჰორიზონტალური ჩანართები.

როგორც ქოჩლაძე აცხადებს, სასტუმროს საერთაშორისო ოპერატორზე გადაცემა არ განიხილება. "გვქონდა კომუნიკაცია მაღალი დონის საერთაშორისო ბრენდებთან, თუმცა, ჩვენ უარი ვთქვით. ჩავთვალეთ, რომ კახეთში, შატოს ტიპის სასტუმრო პროექტში საერთაშორისო ბრენდზე მართვის გადაცემა  გარკვეულწილად ხელის შემშლელი იქნებოდა,"-აცხადებს ქოჩლაძე. 

რაც შეეხება მოლოდინებს, როგორც სასტუმრო კომპლექსის დამფუძნებელი აცხადებს, ეს არის  ერთ-ერთი  მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსი კახეთში, შესაბამისად, მოლოდინიც ასეთია. სასტუმროს მენეჯმენტს გათვლა მაღალი კატეგორიის სტუმარზე ექნება, მათ შორის უცხოელებზე. 

"აგარანის მამულის" თანადამფუძნებელი კადრების სიმცირესაც უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ თანამშრომლების მოძიება ერთ-ერთი რთული საკითხია. შესაბამისად, კომპანია კადრის შევსებას განიხილავს როგორც ადგილობრივად, კახეთის მასშტაბით, ისე დედაქალაქიდანაც. ქოჩლაძის ინფორმაციით, იმისთვის რომ კომპანიამ მომსახურების სეგმენტში მაღალი  ხარისხი აჩვენოს, დაგეგმილია  თანამშრომლების გადამზადებაც. 

კომპანია პროექტს პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში ახორციელებს. "აგარანის მამულმა"  სახელმწიფოსგან 7.5 ჰა მიწის ფართი 2019 წელს შეიძინა და სასტუმროს მშენებლობაც 2019 წლის ბოლოს დაიწყო.

გამოგვყევით