logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

სასტუმრო CHUBU: ზაფხულის სეზონზე 80%-იანი დატვირთულობა გვქონდა

ზაფხულის სეზონმა ტურისტული თვალსაზრისით, კარგად ჩაიარა. დაახლოებით, 80%-იანი დატვირთვა გვქონდა, ხოლო წინა წელს 65%-მდე, - ამის შესახებ მესტიაში მდებარე სასტუმრო Chubu-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მალხაზ უდესიანი "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე თქმით, დამსვენებლების თითქმის 100% ევროპელი ტურისტები, მათ შორის, იტალიიდან, პოლონეთიდან და გერმანიიდან იყვნენ.

მალხაზ უდესიანი აღნიშნავს, რომ აგვისტოში ადგილობრივი ტურისტების მხრიდანაც ძალიან დიდი მოთხოვნა იყო.

"აღსანიშნავია, რომ წელს მოთხოვნა ადგილობრივი ტურისტების მხრიდანაც გაიზარდა. შესაძლებელია ამის მიზეზი სწორედ ის არის, რომ უკვე ადგილობრივები უცხოეთში დასვენებას საქართველოში დასვენებას არჩევენ", - აცხადებს სასტუმროს აღმასრულებელი დირექტორი.

გარდა ამისა, მალხაზ უდესიანმა აღნიშნა, რომ ასევე, გაიზარდა ფეხით მოსიარულე ტურისტების რიცხვი, რასაც ის ტურისტული ბილიკების განვითარებას უკავშირებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ კუთხით კიდევ ბევრი ადგილია ასათვისებელი. 

რაც შეეხება ზამთრის სეზონის მოლოდინებს - სასტუმროს დამფუძნებლის თქმით, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების შემთხვევაში ზამთრის სეზონზე მოთხოვნა გაცილებით გაიზრდება.

"ყველანაირად ხელშეწყობა სჭირდება იმას, რომ ზამთრის სეზონზე ინფრასტრუქტურა გამართული და მოწესრიგებული იყოს. ნალექი ბევრი მოდის, მაგრამ უნდა იწმინდებოდეს გზები. შუქი და გზა არის ის ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მოგვარებული უნდა იყოს. გამართული ინფრასტრუქტურის პირობებში ზამთარში დატვირთულობა კიდევ უფრო გაიზრდება. ზამთრის ტურისტი უფრო მაღალმხარჯველუნარიანი და შესაბამისად, კომფორტს ითხოვენ", - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, სასტუმრო Chubu მესტიაში მდებარეობს, რომელშიც 30 სასტუმრო ნომერია განთავსებული. 

გამოგვყევით