აშშ-ის მიერ დაწესებული 10%-იანი ტარიფები შესაძლოა კონკურენციის საკითხში დაგვეხმაროს, - ამის შესახებ კომპანია "ჩიკორის" თანადამფუძნებელმა ანანო ბეჟანიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული ახალი ტარიფების და აღნიშნულის გავლენის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება როგორ გავლენას მოახდენს ქართულ კომპანიებზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება ჯერჯერობით შეუძლებელია.
"აშშ-ის მიერ დაწესებული 10%-იანი ტარიფები გარკვეულ გავლენას გრძელვადიან პერიოდში აუცილებლად მოახდენს. სხვა ევროპულ ქვეყნებს უფრო მაღალი ტარიფი დაუწესდა და შესაძლებელია, რომ ამერიკის ბაზარზე კონკურენტების პროდუქცია უფრო მეტად გაძვირდეს, რაც შესაძლებელია კონკურენციის გაწევაში ევროპასთან მიმართებაში დაგვეხმაროს", - აცხადებს ანანო ბეჟანიშვილი.
კომპანია "ჩიკორის" ბრენდით წარმოებული პროდუქტი ექსპორტზე ამერიკაში და სხვადასხვა ქვეყანაში იყიდება. ანანო ბეჟანიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე "ჩიკორის" პროდუქციის 50% ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო 50% ექსპორტზე იყიდება.
ცნობისთვის, კომპანია "ქარელის ხილი" ქარელის რაიონში 2016 წელს გაიხსნა. 2017 წელს კი პროდუქციის წარმოება „ჩიკორის“ ბრენდით. კომპანია ამ ეტაპზე, 15 სახეობის ჩირებს, შოკოლადიან ჩირებსა და თხილეულს აწარმოებს. "ქარელის ხილის" წლიური წარმადობა 200 ტონას შეადგენს. კომპანია ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს.
რაც შეეხება ამერიკის ტარიფებს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკაში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ 10%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ განაცხადა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფების ფარგლებში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ საბაზისო 10%-იანი ტარიფი იმოქმედებს. რაც შეეხება ვადებს, საბაზისო 10%-იანი ტარიფები 5 აპრილს შევა ძალაში.