logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

სტაბილური ბიზნესკლიმატის ფონზე, Medhub-ის გაყიდვები 10%-ით გაიზარდა

სამედიცინო სახარჯი მასალების იმპორტიორი კომპანიის Medhub-ის გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით, 10%-ით გაიზარდა.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" კომპანიის ხელმძღვანელი, ოთარ კლდიაშვილი აღნიშნავს, რეალიზაციის ზრდა ქვეყანაში სტაბილურ ბიზნესგარემოსა და ახალი ბიზნესს ობიექტების გახსნის ტენდენციას უკავშირდება.

"ქვეყანაში აქტიურად იხსნება სამედიცინო დაწესებულებები, სააფთიაქო ქსელები, რესტორნები და სასტუმროები. ობიექტების მატება პირდაპირ აისახა ჩვენი გაყიდვების ზრდაზეც. ადგილობრივ ბაზარზე პირბადეები, ქუდები, ბახილები, წინსაფრები, ერთჯერადი ვინილის და პოლიეთილენის ხელთათმანები შემომაქვს. ნედლეულს, რაც შეეხება, ჩინელი პარტნიორები მყავს. ძალიან სერიოზულ კომპანიასთან მაქვს ურთიერთობა, დიდი დრო დამჭირდა, რომ თანამშრომლობა შემდგარიყო. რაც შეეხება რეალიზაციას - ვთანამშრომლობთ გადამყიდველებთან, კლინიკებთან, სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან, ამასთან ნედლეულს კერძო ბიზნესებს ვაწვდით (რესტორანი, სასტუმროები, კვების სწრაფი ობიექტები). კლინიკების წილი მთლიანი გაყიდვების 20%-ია, 40-ი გადამყიდველებს უჭირავს, დანარჩენი რაოდენობა კი, კვების ობიექტებზე, სასტუმროებზე მოდის. მაგალითად, არც ერთი მაღალი დონის რესტორანი შიშველი ხელით არ მუშაობს, არაჰიგიენურია, შესაბამისად, ხელთათმანები სჭირდებათ", - აცხადებს ოთარ კლდიაშვილი.

კომპანიის ხელმძღვანელი ასორტიმენტის გაზრდის შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ პროდუქციის ზრდა დიდ რისკებს უკავშირდება. 

"ჩემს სფეროში ოპერირება რთულია, შესაძლოა, დაბალი ხარისხის ნედლეული მიიღო და წაგებაზე გახვიდე. ნელ-ნელა ტენდენციის მიხედვით ვითარდები, დაბალი დონის მომწოდებელ კომპანიებთან პარტნიორობას გამოვრიცხავ. ხარისხის მიმართულებით, რომ გესაუბროთ ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების, დაახლოებით 20%-ი ცდილობს, ჯანსაღი გარემო შექმნას, დიდ ნაწილს კი, დაბალი ხარისხის პროდუქცია შემოაქვს, ამიტომ ხშირია შემთხვევები, რომ საქმიანობას ასრულებენ, Medhub-ი სტაბილურად წინ მიდის, ჩვენი უპირატესობა, ხარისხზე ორიენტირებაა! 

ინვესტიციებს, რაც შეეხება, ბოლო წლებში რა მოცულობის ინვესტიცია განვახორციელეთ ვერ გეტყვით, თუმცა შემიძლია, მარტივად ვთქვა, რომ დიდ თანხებზეა საუბარი, ჩემი აზრით, არც ერთი ბიზნესმენი მსგავს სფეროში თანხას არ ჩადებს - საზოგადოების დიდი ნაწილი უძრავ ქონებას იყიდის, სამედიცინო სახარჯი მასალების იმპორტი უზარმაზარ რისკთანაა დაკავშირებული, შესაძლოა გადასაყრელი ნედლეული მიიღო.

ჩემი კომპანიის წილი მთლიან ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე რამდენია ვერც ამას დავაკონკრეტებ, რადგან გადამყიდველები პროდუქციას, რომ ყიდულობენ ნედლეული, სხვადასხვა, კომპანიებში თავად შეაქვთ", - აღნიშნავს ბიზნესმენი.   

ოთარ კლდიაშვილი რეგიონალური ბაზრების კუთხით გაფართოებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნული მიმართულებით წინსვლა რთული საკითხია, რადგან მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად, აზერბაიჯანსა და სომხეთში სამედიცინო სახარჯო მასალები უკვე კონკრეტულ კომპანიებს "ოკუპირებული" აქვთ.

"საქართველოში საწარმოს ვერ ავაშენებთ, რადგან კვლავ გადასამუშავებელი პროდუქციის იმპორტი დაგვჭირდება, ნედლეული არ გვაქვს. ქარხანა, რომ გახსნა მინიმუმ ₾3 მლნ-ია საჭირო, პირობითად ბიზნესს ობიექტი მქონდეს  ნედლეულის შემოტანა მაინც დამჭირდება, ამიტომ ამ ხაზზე გასვლას გამოვრიცხავ. ამასთან, წარმოების კუთხით კომპეტენტური კადრის პოვნა რთულია", - აღნიშნავს კომპანიის ხელმძღვანელი.

ბიზნესმენის თქმით, კომპანიაში უკვე დანერგილია პროდუქციის სააქციო ფასების სისტემა - სადღესასწაულო დღეებში მომხმარებლებს 10-15%-იანი ფასდაკლება ეძლევათ.

ცნობისთვის, სამედიცინო სახარჯი მასალების იმპორტიორი კომპანიის Medhub-ი ადგილობრივ ბაზარზე 7 წელია ოპერირებს. კომპანიის ოფისი და საწყობი თბილისში მდებარეობს, სამედიცინო სფეროს ობიექტზე 10 თანამშრომელია დასაქმებული.

გამოგვყევით