2025 წლის მეორე კვარტალში, ფოთის საზღვაო ნავსადგურში საკონტეინერო ტვირთის დამუშავების მაჩვენებელი, 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით გაზრდილია. ამის შესახებ ინფორმაციას APM Terminals Poti ავრცელებს.
კომპანიის მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში 167 056 TEU კონტეინერი დამუშავდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში - 145 666 TEU, ხოლო 2025 წლის პირველ კვარტალში - 146 468 TEU. ამავდროულად გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც.
"კომპანია „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ წლის დასაწყისიდან დღემდე 175 საკონტეინერო გემი მიიღო, ხოლო 2024 წლის იგივე პერიოდში - 158. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე (2020-2025წწ), წლის პირველ ნახევარში დამუშავებული კონტეინერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2025 წელს დაფიქსირდა (313 524 TEU), ისევე როგორც მიღებული საკონტეინერო გემების რაოდენობა.
რაც შეეხება ნაყარ ტვირთს, კომპანიის მიერ 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე 154 167 ტონა ტვირთი დამუშავდა, შარშან ამ დროს ეს რაოდენობა 120 144 ტონას შეადგენდა.
საბორნე გზით მიღებული ტვირთი 2024 წლის პირველ ნახევართან შედარებით მომატებულია: 2025 წლის პირველ ექვს თვეში 84 564 ტონა ტვირთი შემოვიდა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 81 816 ტონა,"-აცხდებენ კომპანიაში.
APM Terminals Poti არის საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირი, რომლის წილთა 100%-ის მესაკუთრეს წარმოადგენს APM Terminals B.V. APM Terminals-ი არის Maersk ჯგუფის წევრი კომპანია, რომლის სათავო ოფისიც ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში მდებარეობს. კომპანია ახორციელებს 62 სანავსადგურე
ინფრასტრუქტურის და ტერმინალის ოპერირებას მსოფლიოს 35 ქვეყანაში.
APM Terminals-ი 2011 წლიდან უზრუნველყოფს ფოთის საზღვაო ნავსადგურის ოპერირებას მისი შვილობილი კომპანიის სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ მეშვეობით.