კვარიათში მდებარე ტურისტული ობიექტი Glamping Martini Kvariati, რომელიც ამჟამად, 4 კოტეჯისგან შედგება ფართოვდება. როგორც "ბიზნესპარტნიორთან" კომპანიის დამფუძნებელი, ხათუნა ქორიძე აღნიშნავს, დამატებით 1 ახალი კოტეჯის მშენებლობა უკვე დაწყებულია და პირველი ვიზიტორების მიღება მომავალი ზაფხულისთვის იგეგმება.
ხათუნა ქორიძის ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 500 000 ლარია, ხოლო ზაფხულის სეზონი წარმატებული იყო.
"ობიექტებიდან 2 კოტეჯი სტანდარტულია, 1 აუზით და 1 ჯაკუზით გახლავთ. თითოეული კოტეჯი 2-დან 4 პერსონაზეა გათვლილი. ზაფხულის სეზონი საერთო ჯამში, დადებითი დინამიკით განვითარდა, სამივე თვის განმავლობაში 100%-იანი დატვირთვით ვმუშაობდით. ამჟამადაც, 100%-იანი დატვირთვით ვმუშაობთ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობა იმავე ნიშნულზეა. მომხმარებელთა 80%-ი უცხოელ ტურისტებს უკავია, 20%-ი კი, ადგილობრივ მოსახლეობაზე მოდის. ზაფხულის სეზონზე უცხოეთიდან 60%-ი ე.წ. გალფის ქვეყნებიდან (ქუვეითი, ომანი, კატარი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები) იყვნენ, 20%-ი კი, ევროპელებმა დაიკავეს", - აღნიშნავს კოტეჯების დამფუძნებელი.
ამასთან, ბიზნესმენი აზიელი ტურისტების შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ აზიელ ვიზიტორებს ევროპელი სტუმრებისგან განსხვავებული მოთხოვნა აქვთ, მაგალითად, კვების კუთხით.
"საკმაოდ ბევრი სტუმარი გვყავდა ინდოეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან. აზიელ სტუმრებს ევროპელი ტურისტებისგან განსხვავებული მოთხოვნა აქვთ, მაგალითად, კვების კუთხით აზიელ სტუმრებს ხშირად თავიანთი ტრადიციული საკვების მირთმევა სურთ. როგორც წესით, ვიზიტორები 1-დან 5 დღემდე რჩებიან. ფასების დიაპაზონს, რაც შეეხება, ზაფხულის სეზონზე ყველაზე დაბალ ფასიანი კოტეჯის ერთი ღამის ღირებულება 360 ლარიდან იწყება და 460 ლარამდე მერყეობს. საერთო ჯამში, აღნიშნული ტურისტული სეგმენტი მაღალმხარჯველუნარიანი გახლავთ.
მომხმარებლების ზრდის მიმართულებით, რომ გესაუბროთ, დარეგისტრირებული ძალიან ბევრ ონლაინ პლატფორმაზე ვართ, სოციალურ ქსელში ჩართულობა და აქტიური მარკეტინგი დღეს, გაყიდვების მიმართულებით ძალიან მოგებიანია. საკმაოდ დიდ თანხას ვხარჯავთ, რაც ბიზნესზე პოზიტიურად აისახება", - აცხადებს ტურისტული ობიექტის მმართველი.
ცნობისთვის, ტურისტული ობიექტი Glamping Martini Kvariati, რომელიც ჯამში 4 კოტეჯისგან შედგება ადგილობრივ ბაზარზე მესამე წელია ოპერირებს.