სვანეთში, მესტიაში მდებარე კოტეჯების კომპლექსი "მთის ქოხები" ზაფხულის სეზონზე 100%-იანი დატვირთვით ოპერირებდა. როგორც ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი, ეკატერინე ჯაფარიძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, მომხმარებელთა 80%-ს ადგილობრივი დამსვენებლები შეადგენდნენ.
ადგილობრივი მეწარმის ინფორმაციით, უცხოელი სტუმრების 15%-ი არაბი ვიზიტორები, ხოლო 5%-ი ევროპელი სტუმრები იყვნენ.
ამასთან, ეკატერინე ჯაფარიძე ხაზს უსვამს, რომ გასულ წლებში, არაბი დამსვენებლები სვანეთს ხშირად არ სტუმრობდნენ, რადგან აღნიშნული სეგმენტი უფრო Luxury ცხოვრების სტილს ანიჭებდა უპირატესობას, თუმცა ახლა, მოცემულობა პოზიტიური ასპექტით შეიცვალა.
"მოლოდინი გამართლდა, ზაფხული სეზონი სრულად დატვირთული იყო. ტურისტების რაოდენობა, როგორც სვანეთში, ასევე ჩვენს სასტუმროში მაღალ ნიშნულზე გახლდათ. სეზონის დასაწყისში ტენდენციურად უფრო მეტი უცხოელი მომხმარებელი გვყავდა, მაგრამ საერთო ჯამში, ზაფხულის დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობის წილი 80%-ი იყო. აღნიშნული ტენდენცია შემიძლია გითხრათ, რომ ზოგადად სვანეთში შეინიშნებოდა - ადგილობრივი დამსვენებლები მოჭარბებულად იყვნენ, რამ განაპირობა ეს ყველაფერი თქმა გამიჭირდება, კომპლექსური საკითხია.
უცხოელებს, რაც შეეხება, როგორც ევროპული ქვეყნებიდან (ფრანგები, გერმანელები და ა.შ), ასევე აზიელი ტურისტები გვსტუმრობდნენ. ამასთან, სვანეთში ხშირად შეხვდებით ჩინელ ვიზიტორებს. ჩვენთან კვების ფასებს, რაც შეეხება ძალიან მაღალი არ არის, შესაბამისად, დამსვენებლებისგან უკმაყოფილება ნაკლებადაა. აზიელ სტუმრებს, ზოგჯერ საკუთარი საკვების მირთმევა სურთ, მაგრამ სვანეთი მაინც ისეთი კუთხეა, ადგილობრივ სამზარეულოს დაგემოვნებაზე უარს ნაკლებად ამბობენ. საერთო ჯამში, აზიელი ტურისტები მაღალმხარჯველუნარიანი სეგმენტია. ძირითადად ჩვენთან რამდენიმე დღე ჩერდებიან, ასევე კემპინგებზე სიარული ძალიან მოსწონთ", - აცხადებს ეკატერინე ჯაფარიძე.
"მთის ქოხების" დამფუძნებლის ინფორმაციით, ამჟამად, ტურისტული ობიექტი 80%-იანი დატვირთულობით მუშაობს, მომხმარებელთა რაოდენობა კი თანაბარია. წინასწარ ჯავშნებს, რაც შეეხება ამ ეტაპზე, ადგილობრივ ბიზნესს წინასწარი ჯავშნები ნაკლებად აქვს.
ეკატერინე ჯაფარიძე სიახლეების შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ "აწარმოე საქართველომ" ტურისტულ ობიექტს კონკრეტული პროექტის ფარგლებში სესხი დაუფინანსა, რის შედეგადაც "მთის ქოხებში" ინტერიერი და ექსტერიერი სრულად განახლდა.
"ეზო სრულად განვაახლეთ, რაც მომხმარებლებისთვის სასიამოვნო სიახლე იყო. პროექტის ზუსტ საინვესტიციო ღირებულებას ვერ დაგიკონკრეტებთ, მაგრამ აღნიშნულმა დახმარებამ დიდი რეზულტატი გამოიწვია. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, სვანეთში გზის პრობლემა არ არის, მაგრამ ერთი პრობლემა გვაქვს - საბაგირომდე მისასვლელი გზის პატარა მონაკვეთი მოუწესრიგებელია და შეკეთებას საჭიროებს. ამასთან, სანიშნე ნიშნულების პრობლემა არ არის, დამსვენებლებისთვის კონკრეტულ ადგილზე მისვლა პრობლემას არ წარმოადგენს", - აცხადებს ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, სვანეთში, მესტიაში, "მთის ქოხები" საბაგიროს გვერდით მდებარეობს და ადგილობრივ ბაზარზე უკვე 6 წელია ოპერირებს. ტურისტული ობიექტის შემადგენლობაში 5 ხის კოტეჯი და კაფეა, თითოეული კოტეჯი ოთხ ადგილიანია.
შეგახსენებთ, რომ "აწარმოე საქართველოში ‒ ბიზნესის" მიმართულების მიზანია ქვეყანაში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების/სასტუმროების შექმნისა და არსებული საწარმოს/სასტუმროს გაფართოების, ან გადაიარაღების ხელშეწყობა.