"ჩვენი პროგნოზით, დეველოპმენტში ფასები 7-8%-ით მოიმატებს", - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში „ინნ ჯგუფის“ თანადამფუძნებელმა პაატა კოკაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა დარგს სჭირდება ხელშეწყობა, მათ შორის დეველოპმენტსაც. ამ კუთხით, მან სუბსიდირების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„შეიძლება არც მოიმატოს ფასებმა, მაგრამ ჩემი ნება რომ იყოს, მაგალითად იპოთეკურ სესხს იმ ადამიანს, რომელსაც პირველი ბინის ყიდვა უნდა, აუცილებლად დავუსუბსიდირებდი. როგორც გახსოვთ, პანდემიის დროს, 2020 წელს მოხდა ეგეთი შემთხვევა, როცა სახელმწიფო 5%-ით უსუბსიდირებდა მოქალაქეებს პროცენტს ბინის ყიდვისას. ამან სერიოზული შედეგი გამოიღო და შემდგომ პერიოდში, 2020 წელთან შედარებით, ან გაორმაგდა, ან გასამმმაგდა დაქირავებულების ხელფასი“, - აღნიშნა კოკაიამ.
მისი თქმით, დღეს სამშენებლო სექტორში ანაზღაურება, კვალიფიციური კადრის შემთხვევაში, არანაკლებ 5000 ლარია.
„მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს კვალიფიციური კადრები საქართველოში, იმ ჩვენს თანამემამულეებზე ნაკლებ ხელფასს არ იღებენ, რომლებიც ევროპაში არალეგალურად მუშაობენ. დღეს 5000 ლარზე ნაკლები მშენებლობის სექტორში არც ერთ დასაქმებულს არ აქვს - ეს იქნება ბეტონის ჩამსხმელი, კაფელის ხელოსანი, მღებავი, ფანჯრის, თუ კარის მემონტაჟე... კვალიფიციური კადრი პირდაპირ გეუბნება, რომ 200 ლარზე ნაკლები დღეში თუ გამომივიდა, თქვენთან არ ვიმუშავებ“, - განმარტა „ინნ ჯგუფის“ თანადამფუძნებელმა.
მისივე განცხადებით, დეველოპერებს უწევთ კვალიფიციური კადრის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ვინაიდან, ბაზარზე ძალიან მაღალი კონკურენციაა და არის შემთხვევები, როდესაც დეველოპერები ერთმანეთს კადრებს ართმევენ. ამიტომ, გარდა მაღალი ანაზღაურების გადახდისა, კომპანიებს უწევთ გარკვეული წამახალისებელი მექანიზმების მოფიქრებაც. მათ შორის, ბინის შეთავაზება განვადებით, კარგი პირობებით.