logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"პორტუგალიიდან ღვინოზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება" - LisiWine-Meskhishvili Winery

პორტუგალიიდან ღვინოზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. ჩვენ პორტუგალიაში გვყავს ამბასადორ-წარმომადგენელი, რომელიც აღნიშნულ ბაზარზე ჩვენი ღვინის პოპულარიზაციას ახორციელებს, - ამის შესახებ თბილისთან მდებარე LisiWine-Meskhishvili Winery-ის დამფუძნებელმა ილია მესხიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, LisiWine-Meskhishvili Winery-ის ღვინო პორტუგალიის ბაზარზე ნელ-ნელა იხვეჭს სახელს და საერთო ჯამში, მათ ღვინოზე მოთხოვნა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20-30%-ით გაზრდილია, რაც ცნობადობის ზრდას უკავშირდება.

ილია მესხიშვილის განცხადებით, არსებული საექსპორტო ბაზრების გარდა, მეღვინეობა ამერიკის ბაზარზე გასასვლელად ემზადება.

"LisiWine-Meskhishvili Winery ბაზარზე 5 წლის წინ გამოჩნდა. მეღვინეობის მიერ წარმოებული ღვინო საქართველოშიც იყიდება და ექსპორტზეც. კერძოდ, ამ ეტაპზე ჩვენი ღვინო პორტუგალიის, გერმანიისა და ავსტრალიის ბაზარზე იყიდება. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამერიკის ბაზართან და ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით ჩაივლის. აღსანიშნავია, რომ ლოგისტიკა საკმაოდ რთულია", - აცხადებს ილია მესხიშვილი. 

მისივე თქმით, მეღვინეობას 7 დასახელების ღვინო აქვს, მათ შორის ქვევრისა და კლასიკურად წარმოებული. ძირითადად, მშრალი ღვინოებია. რაც შეეხება ვენახებს - კომპანიას კახეთში 40 წლის ვენახი აქვს, რომელიც კარგი მოსავლით გამოირჩევა. როგორც ილია მესხიშვილი აღნიშნავს, როდესაც მოსავალი ხარისხიანია, ეს ღვინოზეც აისახება.

ღვინის წარმოების გარდა, როგორც ილია მესხიშვილი აცხადებს კომპანია ტურისტულ ობიექტს ფლობს, სადაც გაერთიანებულია როგორც ღვინის მარანი, ისე სარესტორნო და რეკრეაციული ზონა, სადაც მომხმარებლებს ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნება და ღვინის წარმოების გაცნობის შესაძლებლობა აქვთ.  

"LisiWine-Meskhishvili Winery-ში თავდაპირველად, მხოლოდ კორპორატიულ ღონისძიებებს ვმასპინძლობდით, თუმცა დაახლოებით, 2 თვეა, რაც სტუმრების ყოველდღიურ რეჟიმში მიღებაზე გადავედით. ახლა უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამოსვლა და ჩვენი სერვისებით სარგებლობა. ძალიან დიდი მოთხოვნა იყო ხალხის მხრიდან, რომ ყოველდღიურ რეჟიმზე გადავსულიყავით. ჩვენი სივრცე მოიცავს ღვინის მარანს და წარმოებას, სარესტორნე სივრცეს, დაახლოებით, 200 წლის ოდა სახლი, რომელიც იმერეთიდან გადმოვიტანეთ და ასევე, გვაქვს დიდ  ღონისძიებებზე გათვლილი დარბაზი, სადაც ნათლობა, ქორწილები და მსგავსი ტიპის წვეულებები იმართება. ჩვენ გვინდოდა ერთ სივრცეში ყოფილიყო ყველა ის ელემენტი, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და უფრო მეტად გაგვეცნო ჩვენი კულტურა არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ ქართველებისთვისაც", - აცხადებს ილია მესხიშვილი.

მისივე თქმით, მათი მომხმარებლები არიან როგორც ქართველები, ისე უცხოელები.

„ჩვენი სტუმრები იყვნენ ბრიტანელები, სამხრეთ კორეის წარმომადგენლები, ჩინელები, ამერიკელები და მათი პროცენტული წილი ამჟამად დაახლოებით, 30%-ს შეადგენს. გვინდა, რომ აღნიშნული მიმართულება უფრო მეტად გავაძლიეროთ და ჩვენი ცნობადობა გავზარდოთ,“ - აღნიშნა მეღვინეობის დამფუძნებელმა.

გამოგვყევით