თუ ქვეყანაში ვითარების დეესკალაცია არ მოხდა და ამ მიმართულებით არ გადაიდგა ნაბიჯები ეკონომიკას სერიოზული პრობლემები შეექმნება, - ამის შესახებ პლატფორმა Freebusiness-ის დამფუძნებელმა გიორგი ჩუგოშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ბიზნესი უნდა იყოს დამოუკიდებელი, მამაცი და უნდა გაიაზროს, რომ ეკონომიკა თითოეულის ბეჭებზე დგას და მას უნდა გაუფრთხილდნენ.
"ჩვენ არ გვინდა ეკონომიკის დაზიანება. ფინანსური სექტორისთვის ასეთი ტიპის განცხადებაზე მიერთება პრობლემაა, რადგან მათი აქციები საფონდო ბირჟებზე ივაჭრება, მილიონობით ინვესტორი ჰყავთ. ასეთი გადაწყვეტილების მიღება მათ უჭირთ, მაგრამ ვნახეთ, რომ 5 მლნ. ლარი გამოყვეს დაზარალებულთა მხარდასაჭერად. ზოგიერთ კომპანიას ეშინია პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირდება. კერძო სექტორმა უნდა დაინახოს თავისი ძალა, რომ ის ქმნის დოვლათს და როდესაც ადმინისტრაციის მხრიდან რაღაც საფრთხეს უქმნის ეკონომიკას - მათ ხმის ამოღების უფლება აქვთ. ბიზნესმა თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკონომიკაზე უნდა აიღოს და როდესაც ეკონომიკას რაღაც ემუქრება, ეს უნდა თქვას. სწორედ ამ პროცესს ვადევნებთ ახლა თვალს.
კრიზისი, პირველ რიგში, ეხება მცირე და საშუალო ბიზნესს. მათ არ უდევთ იმდენი ფული, რომ 2-3 თვე შემოსავლების გარეშე გააგრძელოს ოპერირება. დიდ ბიზნესს ამის რესურსი აქვს.
თუ ეკონომიკას არ გავუფრთხილდით მეტ ფულს გადავიხდით სესხებში, პროდუქტში და ნაკლები ფული დაგვრჩება. ახლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია და ვისაც რა უნარები აქვს უნდა გამოიყენოს, რომ ქვეყანა 30 წლის წლით უკან არ დაგვიბრუნდეს და თავიდან არ გვქონდეს ეკონომიკა საშენებელი", - აცხადებს გიორგი ჩუგოშვილი.
მანვე აღნიშნა, რომ გაფიცვასთან დაკავშირებით, Freebusiness-მა კომპანიებს ინფორმაცია მიაწოდა და 24 საათში, დაახლოებით, 600 კომპანიის უკუკავშირი მიიღეს, საიდანაც 93% მხარს უჭერს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ხოლო დანარჩენი თანამშრომლებს გაფიცვაში ხელს არ შეუშლის.
"Freebusiness არის დემოკრატიული პლატფორმა, რომლის ხელმომწერები თავად წყვეტენ რას მიუერთდნენ და რას არა. ვფიქრობ, რომ გაცილებით მეტი კომპანია შეუერთდება გაფიცვას და ეს, რა თქმა უნდა, არ არის საბოლოო მონაცემები.
ბიზნესსაზოგადოება ხედავს რისკებს და განცხადების სულისკვეთება არის დეესკალაციისკენ გადასადგმელი ნაბიჯების აუცილებლობა. ჩვენს განცხადებაში მითითებულია ყველაზე პრაგმატული ნაბიჯები, 2 ნაბიჯი ახალი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება. ჩვენ განცხადებაში ვამბობთ, რომ პოლიტიკური ესკალაცია გვაქვს ქვეყანაში, რომელიც შეიძლება შესაძლოა გადაიზარდოს სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებში. ამიტომ დემოკრატიულ სამყაროში, როდესაც პოლიტიკური კრიზისია პირველი ლოგიკური გადაწყვეტაა არჩევნები", - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, Freebusiness.ge-ზე აღნიშნული მონაცემების თანახმად, მათ მიერ გავრცელებულ განცხადებას ამჟამად, 2427 კომპანია უჭერს მხარს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა, ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას", - აღნიშნულია პლატფორმაზე გავრცელებულ განცხადებაში.