"ყველა ქართული პროდუქტი, ყველა რძის პროდუქტი უმკაცრეს კონტროლს გადის ფერმიდან სუფრამდე“, პროდუქცია არის აბსოლუტურად ჯანსაღი და უვნებელი“ - ამის შესახებ რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა კახა კონიაშვილმა გსურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„ქართული მერძევეობის ისტორიაში 2006 წლიდან არსებობს ჩვენი ასოციაცია და, ფაქტობრივად, ყველა გადამმუშავებელი, ყველის მწარმოებელი და ფერმერი არის გაწევრიანებული. წლებია ინტენსიურად და ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან. მომხმარებელი უნდა დავარწმუნო და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ყველა ქართული პროდუქტი, რძის ყველა პროდუქტი უმკაცრეს კონტროლს გადის ფერმიდან სუფრამდე - სურსათის სააგენტოს მხრიდან, კომპანიების მხრიდან, რომლებსაც უმაღლესი სტანდარტები აქვთ დანერგილი და ევროპული სტანდარტით აწარმოებენ პროდუქტს. პროდუქცია არის აბსოლუტურად ჯანსაღი და უვნებელი.
სურსათის ეროვნული სააგენტო არის იმის სადარაჯოზე, რომ პროდუქტი, რომელსაც ქართველი მომხმარებელი მიირთმევს არის უვნებელი. ყველას გთხოვთ, რომ მხარი დაუჭირეთ ქართულ წარმოებას, ყველა პროდუქტი არის უვნებელი და გაკონტროლებული“- განაცხადა კახა კონიაშვილმა.
ცნობისთვის, შეხვედრას, რომელშიც სექტორის 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, ხაზი გაესვა ბიზნესოპერატორისა და სააგენტოს ვალდებულებებს, თანამშრომლობასა და საერთო ძალისხმევას, რაც უზრუნველყოფს სარეალიზაციო ქსელში განთავსებული რძისა და რძის პროდუქტების უვნებლობასა და საიმედოობას.
აღსანიშნავია, რომ მიმ დინარე 2025 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის მწარმოებელ კომპანიებსა და სარეალიზაციო ობიექტებში 4786 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა; დარღვევების მაჩვენებელმა, აპრილის მონაცემებით, 3,3% შეადგინა. გასულ, 2024 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 17 ათასი სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, დარღვევების მაჩვენებელმა 3,2% შეადგინა.