მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა, - ამის შესახებ ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭაბუკიანში, ახალგახსნილი ტურისტული ობიექტის - KHEDI winery-ის დამფუძნებელმა თამაზ ჭუმბაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, დამსვენებლები როგორც ქართველები, ასევე უცხოელები არიან.
„ჩვენი ტურისტული ობიექტი მიმდინარე წელს, დაახლოებით, 2 თვის წინ, გაიხსნა. კომპლექსი მოიცავს ღია აუზს, 5 სასტუმრო ნომერს, იმერულ ოდას და რესტორანს. ჯამში ჩვენს ობიექტში 22 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. მოგეხსენებათ, რომ ლაგოდეხი ძირითადად იმერლებით და რაჭველებით დასახლებული მუნიციპალიტეტია. შესაბამისად, ვეცადეთ იმერული, რაჭული და კახური ტრადიციები გაგვეერთიანებინა. შეიძლება ითქვას, რომ მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა. სტუმრები უკვე გვყავდა ევროპის არაერთი ქვეყნიდან, მათ შორის, ჩეხეთიდან, ავსტრიიდან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან და სხვ. ეს რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპელი ტურისტების მზარდ ინტერესს. გარდა ამისა, დიდი დაინტერესება და მოთხოვნა წამოვიდა ქართველების, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდანაც.
წინასწარი ჯავშნების მაჩვენებლებში ჩვენი მომხმარებლების 40% უცხოელია, ხოლო 60% ქართველი“, - აცხადებს თამაზ ჭუმბაშვილი.
რაც შეეხება სარესტორნე სივრცეს - ობიექტი უკვე აქტიურად იღებს შეკვეთებს და მოთხოვნა ამ კუთხითაც მზარდია.
„ჩვენი სარესტორნე სივრცე, დაახლოებით, 50 სტუმარს იტევს, რაც იდეალურია როგორც მეგობრული შეკრებებისთვის, ისე სხვა ტიპის ღონისძიებებისთვის. ამასთან, სტუმრებს ადგილზე ვთავაზობთ თონეში პურის ცხობის, ჩურჩხელის ამოვლებისა და სხვადასხვა ტრადიციულ მასტერკლასებს.
გარდა ამისა, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ აუზის დღიური აბონემენტით ისარგებლონ, რაზედაც იმდენად დიდი მოთხოვნაა, რომ წინასწარი ჯავშნების გარეშე სტუმრებს ვეღარ ვიღებთ. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დღემდე არც ერთი უკმაყოფილო სტუმარი არ გვყოლია და მათგან მხოლოდ დადებით შეფასებებს ვიღებთ“, - აცხადებს თამაზ ჭუმბაშვილი.
ცნობისთვის, KHEDI winery, რომელიც ლაგოდეხის რაიონში, სოფელ ჭაბუკიანში მდებარეობს ღვინოს 2017 წლიდან აწარმოებს. 2017 წლიდან მეღვინეობა სახასიათო გემოსა და არომატების მისაღებად ექსპერიმენტებს ატარებდა, ხოლო 2022 წელს პირველი 5 სახეობის ღვინო ჩამოისხა, რომლებიც 3 წლის განმავლობაში ბოთლში ძველდებოდა. მეღვინეობა “ხედი” ღვინის მარანს, აუზს, სასტუმროს, რესტორანს, იმერულ ოდასა და ვენახს მოიცავს. ობიექტმა კომპლექსის ტურისტული ნაწილი მიმდინარე წელს გახსნა, სადაც ძირითადად ადგილობრივები არიან დასაქმებულები. გარდა ამისა, KHEDI winery, რესტორანი მათივე მოსავლიდან, ან ადგილობრივი ფერმერების პროდუქციიდან მარაგდება.