საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები სამეგრელოს რეგიონში გამოვლინდნენ.
- Pain2Plan - სტარტაპის მიზანია, შექმნას ინოვაციური ციფრული ხიდი საზოგადოების მიერ ხშირად გაუჟღერებლად დარჩენილ პრობლემებსა და იმ ადამიანებს შორის, ვისაც რეალურად შეუძლია მათი გადაჭრა — სტარტაპებს, მეწარმეებსა და ორგანიზაციებს. Pain2Plan აძლევს ნებისმიერ ადამიანს საშუალებას, გააჟღეროს ის, რაც აწუხებს, თუნდაც ერთი წინადადებით. პლატფორმა არის ადგილი, სადაც მომხმარებელი ხმას იღებს და მის წუხილს რეალური გავლენის მოხდენის შესაძლებლობა ეძლევა.
- Artintech - სტარტაპის მიზანია, ნებისმიერი არქიტექტურული ნახაზის ავტომატურად მაღალი ხარისხით 3D რენდერად გადაქცევა AI-ის საშუალებით, თითოეული ობიექტის დამოუკიდებელი მენეჯმენტის შესაძლებლობით და პროფესიონალი არქიტექტორების, ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინერებისთვის სრულფასოვანი დიზაინის და რედაქტირების პლატფორმის შეთავაზება.
- SatisfAI - სტარტაპის მიზანია, კომპანიებს დაეხმაროს მომხმარებელთა ჩატებისა და CX მონაცემების AI-ზე დაფუძნებული ანალიზის გზით კმაყოფილების დონის ზუსტად შეფასებაში და ხარისხის კონტროლის პროცესის გაუმჯობესებაში.
- Sportflow - სტარტაპის მიზანია, შექმნას სრულად ავტომატიზებული და ციფრულად მართული ეკოსისტემა სპორტული მატჩების საორგანიზაციო პროცესისთვის. პლატფორმა უზრუნველყოფს მატჩის წინასწარ დაგეგმვას, მონაცემთა მართვასა და ავტომატურ ანალიზს პროფესიული და სამოყვარულო ლიგებისთვის.
- Profit - პერსონალური ციფრული ფიტნეს AI მენტორის მიზანია, მომხმარებლის სხეულის ტიპისა და მიზნების მიხედვით, შექმნას ინდივიდუალური სავარჯიშო გეგმა, მიაწოდოს ვიდეოინსტრუქციები და სრულად დაგეგმოს ვარჯიშის პროცესი: სიხშირე, დატვირთვა, დასვენების ინტერვალები და ვარჯიშების თანმიმდევრობა ადამიანური, ფინანსური და დროითი რესურსის გარეშე. რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.
2025 წელს აღნიშნული საგრანტო პროგრამა უკვე განხორციელდა აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონებში, სადაც გამოვლინდა 14 გამარჯვებული პროექტი. მათ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პორტალზე: gita.gov.ge.
მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და სამეგრელოს რეგიონებში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს 7 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები. საგრანტო წინადადებები შეაფასა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით. შერჩეულმა სტარტაპებმა კომისიის წინაშე წარსადგენად გაიარეს გადამზადების სპეციალური კურსი, რომელიც მოიცავდა ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“. საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.
გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. არარეგისტრირებულმა პირმა, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.