logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"მომდევნო წლიდან სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობას ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს" - ლევან მეხუზლა

მომდევნო წლიდან სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობას ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა, დარგისკენ ინტერესი მზარდია, მაგრამ ამჟამად, ვენახის გაშენება ძირითადად სპონტანურად ხდება.

მისივე ინფორმაციით, ახალი კანონით, ვენახის გაშენების მსურველ პირს გარკვეული რეგულაციების დაცვა მოუწევს, რომელზედაც მუშაობა მიმდინარეობს. ლევან მეხუზლას თქმით, ქვეყანამ ხარისხზე უნდა გააკეთოს აქცენტი.

"საერთაშორისო ბაზრებზე ბოლო ათწლეულში ღვინის მოხმარება იკლებს და ჭარბი წარმოება შეინიშნება. გარდა ამისა, კონკურენცია გამუდმებით მატულობს. ბევრი სხვადასხვა ქვეყნის ღვინო იწარმოება, ბევრი ეგზოტიკური ქვეყნის ღვინო ჩნდება ბაზარზე და ასეთ პირობებში, საქართველოს ერთადერთი გზა აქვს - ეს არის ხარისხი. ჩვენ არ გვაქვს ისეთი შესაძლებლობები როგორიც აქვს, მაგალითად, ავსტრალიას, რომ მასშტაბის ეკონომიურობის ხარჯზე ფასის კონკურენციაში შევიდეთ. ჩვენი გზა არის - უმაღლესი ხარისხი, განსაკუთრებულობა და ის ისტორია, რაც გვაქვს. ამ ისტორიას კი შესაბამისი პროდუქტით მხარდაჭერა სჭირდება. ეს ყველაფერი იწყება ვენახში.

ვამაყობთ, რომ ბოლო ათწლეულია ვენახები შენდება და დარგისკენ ინტერესი დიდია, მაგრამ ძალიან ხშირად ეს გაშენება სპონტანურია. ნებისმიერ ფართზე, რაც კი გვაქვს, ვაშენებთ ვენახს და საბოლოო ჯამში ისეთ ტექნიკურ შეცდომებამდე მივდივართ, როდესაც ვენახი ხმება, ან სხვ. ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ფერმერი არ იხედება სპეციფიკაციაში და ვენახს ზღვის დონიდან უფრო მაღლა აშენებს ვიდრე კონკრეტული ადგილწარმოშობის ყურძნისთვის საჭიროა.

ყველა მოთხოვნა ჩამოწერილი იქნება შესაბამის ნორმატიულ აქტში, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში არავის არ შეექმნება პრობლემა. არ აქვს მნიშვნელობა ვენახის ფართობს - კომერციული იქნება ყველა შემთხვევა, როდესაც მფლობელს სურვილი ექნება ვენახიდან მოწეული ყურძენი გაყიდოს ბაზარზე, ან ჩააბაროს სახელმწიფოს", - აცხადებს ლევან მეხუზლა. 

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ მიმდინარე კვირაში განიხილა და მოიწონა „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი“, რომლის მიზანია ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების, ასევე, რეალიზაციისათვის აუცილებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინების ხელშეწყობა. ახალი რეგულაცია, მათ შორის, ითვალისწინებს მომავალი წლიდან სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობას, რომელსაც სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს.

გამოგვყევით