logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ქირის ფასმა ახალი წონასწორობის წერტილი იპოვა, ამიტომ მისი შემდგომი გაიაფება ნაკლებად მოსალოდნელია"

თბილისში გასაყიდი ბინების გაძვირების ტემპი შენელდა. შენელებულია ტრანზაქციებიც.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Galt & Taggart -ის ასოცირებულმა მკვლევარმა ზუკა თავყელიშვილმა  განუცხადა, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში, დედაქალაქში სულ 19 ათასზე მეტი ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 1.6%-ით აღემატება.

„ტრანზაქციების ზრდა აღარ არის ისეთი მასშტაბური, როგორიც ეს გასულ წლებში იყო და ფაქტობრივად, 2024 წლის მაჩვენებლებზე ნარჩუნდება. თუმცა, მიუხედავად გარკვეული შენელებისა, თბილისის უძრავი ქონების ბაზარი კვლავ აქტიურია და საინვესტიციოდ საინტერესო რჩება. ამაზე მიუთითებს თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გასაყიდი საცხოვრებელი ფართების თვიდან თვემდე მზარდი ფასებიც. კერძოდ, ბოლო, ანუ მიმდინარე წლის ივნისის თვის მონაცემებით, პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასი თვიურად 0.5%-ით გაიზარდა და 1,338 დოლარს მიაღწია. მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში კი ფასი გასულ თვესთან შედარებით 0.2%-ით გაიზარდა და 1,256 დოლარი შეადგინა“, - აღნიშნა ზუკა თავყელიშვილმა.

თუმცა, მისივე შეფასებით, ტრანზაქციებთან ერთად, ფასების ზრდის ტემპიც შენელებულია იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარზე მიწოდება საკმაოდ მაღალია, რასაც გაცემული სამშენებლო ნებართვების დიდი რაოდენობა განაპირობებს. კერძოდ, 2025 წლის პირველ ნახევარში თბილისში საცხოვრებელ პროექტზე 100 ნებართვა გაიცა. ამ ფაქტორიდან გამომდინარე, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წელს უძრავი ქონების ფასები მკვეთრად აღარ გაიზრდება.

რაც შეეხება ქირის საკითხს, როგორც Galt & Taggart -ის ასოცირებულმა მკვლევარმა აღნიშნა, ქირის ფასმა ახალი წონასწორობის წერტილი უკვე იპოვა, ამიტომ მისი შემდგომი გაიაფება ნაკლებად მოსალოდნელია.

„ქირის ფასის შემცირების ძირითადი მიზეზი მიგრაციის ეფექტის ამოწურვაა. უფრო კონკრეტულად კი, როგორც გვახსოვს, საქართველოში ქირის ფასის მატება 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამ და ჩვენს ქვეყანაში დიდი რაოდენობით მიგრანტების შემოსვლამ განაპირობა. 2023 წლის გაზაფხულიდან კი ქირამ შემცირება დაიწყო და ეს ტრენდი ამ დრომდე გაგრძელდა. მეტიც, მაგალითად, ივნისში დედაქალაქში ბინების საშუალო გასაქირავებელი ფასი, წინა წლის ივნისთან შედარებით, 5%-ით შემცირდა და 1 კვ.მეტრზე 9.4 დოლარი შეადგინა. ქირის ფასის უფრო მაღალი პროცენტულობით შემცირება ცენტრალურ უბნებში შეინიშნება, გარეუბნებში კიი - სადაც ქირის ფასი ისედაც შედარებით დაბალი იყო, მანამდე არსებული ტარიფები მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია“, - განმარტა & Taggart -ის ასოცირებულმა მკვლევარმა.

რაც შეეხება მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვს, უძრავი ქონების ბაზრის ექსპერტები ამბობენ, რომ დღეს, მიწოდება აჭარბებს მოთხოვნას, რაც განაპირობებს სწორედ იმ მოლოდინს, რომ ქირის ფასი აღარ გაიზრდება. თუმცა, არც მეტად კლებაა ნავარაუდევი. ექსპერტების განმარტებითვე, ქირის ფასი 2022 წლამდე არსებულ ნიშნულს ფიზიკურად ვეღარ დაუბრუნდება, რადგან დღეს თავად უძრავი ქონების შექმნა საკმაოდ გაძვირებულია.

გამოგვყევით