logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ადგილობრივ ბაზარზე ხარისხიანი პროდუქციის და დისტრიბუციის ნაწილში სერიოზული პრობლემაა" - "ჰერბია"

ადგილობრივ ბაზარზე დისტრიბუციის და ხარისხიანი პროდუქციის სერიოზული პრობლემაა. ეს საკითხი საკმაოდ კომპლექსურია. საქართველოში პირველადი წარმოება განვითარებული არ არის, ისე როგორც სხვა ქვეყნებში, - მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია "ჰერბიას" თანადამფუძნებელმა დავით ჯანელიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, გარკვეულ პროდუქტებს ზამთრის პერიოდში მხოლოდ ერთი კომპანია აწარმოებს, რადგან საკმაოდ დიდ  ხარჯებთან არის დაკავშირებული მაღალტექნოლოგიური სათბურის მშენებლობა, რომლის ფინანსური საშუალება კომპანიებს არ აქვთ. სწორედ ამიტომ, ზამთრის პერიოდში მასიური წარმოება ვერ ხდება.

დავით ჯანელიძის თქმით, ამჟამად, კომპანიის ძირითადი მიზანი HoReCa  სექტორის მაქსიმალური ათვისება და ამასთან, საქართველოს ბაზარზე დეფიციტური პროდუქციის იმპორტირებული  მაღალხარისხიანი პროდუქტით შევსებაა.

"HoReCa სექტორის მომარაგება დავიწყეთ. მოთხოვნა დიდია, მაგრამ როგორც დისტრიბუციის, ისე ხარისხიანი პროდუქციის ნაწილში ადგილობრივ ბაზარზე დიდი პრობლემებია. ჩვენ ასე თუ ისე შევძელით, რომ ბაზრისთვის დისტრიბუცია და მაღალი ხარისხის პროდუქცია შეგვეთავაზებინა. ყოველდღიურად გვემატება ახალი ობიექტები. ამჟამად, დაახლოებით, 20 პარტნიორი ობიექტი გვყავს და მოლაპარაკებები კიდევ ბევრ კომპანიასთან გვაქვს.  მაგალითად, თურქეთში და ევროპის ქვეყნებში. არის ისეთი პროდუქტები, მაგალითად, კიტრი და პომიდორი, რომელსაც ზამთრის პერიოდში მხოლოდ ერთი კომპანია აწარმოებს, რადგან საკმაოდ დიდ  ხარჯებთან არის დაკავშირებული მაღალტექნოლოგიური სათბურის მშენებლობა და ამიტომ, ვერ ხდება მასიური წარმოება.

ჩვენი პროდუქციის ძირითადი ნაწილი 95% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ხოლო 5% ექსპორტზე გადის. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ახალი ბაზრები მოვიძიოთ, თუმცა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებაა. გარდა ამისა, ჩვენ დავამატეთ Herbiadelivery.ge, რაზედაც მოთხოვნა არის და მომხმარებლების ტენდენცია მზარდია. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულმა მიმართულებამ გაამართლა", - აცხადებს დავით ჯანელიძე.

ცნობისთვის, ''ჰერბიას" მაღალტექნოლოგიური საწარმო წყალტუბოში მდებარეობს. კომპანია  30-მდე დასახელების მწვანილს და ბოსტნეულს აწარმოებს და 200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

გამოგვყევით