logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

სტარტაპებისთვის ნულოვანი საგადასახადო რეჟიმი 24 სექტემბრიდან ამოქმედდება - GITA

სტარტაპებისთვის ნულოვანი  საგადასახადო რეჟიმი 24  სექტემბრიდან  ამოქმედდება. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA)  აღნიშნულ ინიციატივაზე 2024 წლიდან მუშაობდა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  სააგენტოში განუცხადეს, GITA-მ  შეისწავლა სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა, გაანალიზა  ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის საჭიროებები და გლობალური ტენდენციები,  რის შედეგადაც შემუშავებულ იქნა „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილების პროექტი. კანონპროექტი, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ იქნა მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ხოლო საბოლოოდ, საქართველოს პარლამენტმა  2025 წლის 24 ივნისს მიიღო.

ცვლილება ამოქმედდება 2025 წლის 24 სექტემბრიდან და გულისხმობს სამი ტიპის საგადასახადო სტატუსს:

  • ინოვაციური სტარტაპის სტატუსი
  • ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსი
  • კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსი

სააგენტოში განმარტავენ, რომ ინოვაციური სტარტაპის სტატუსის ხელშემწყობი მექანიზმები სამ ფაზად იყოფა, რაც ზუსტად და მიზნობრივად პასუხობს სტარტაპის შესაბამისი განვითარების ეტაპების საჭიროებებს.

სტატუსის მოპოვებიდან პირველი სამი წლის განმავლობაში სტარტაპის მიერ თანამშრომლებზე გაცემული ხელფასი სრულად თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან.  სტარტაპებისთვის აღნიშნული გულისხმობს ნულოვან საგადასახადო რეჟიმს.

მეოთხედან  მეექვსე  წლის ჩათვლით,  სტარტაპები ისარგებლებენ საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით (ნაცვლად 20%-ისა), ამავე პერიოდში მოგების გადასახდის განაკვეთი ასევე 5%-ი იქნება, ხოლო მეშვიდედან მეათე წლის ჩათვლით,  საშემოსავლო გადასახადი, ისევე როგორც მოგების გადასახადის განაკვეთი იქნება 10%.

კითხვაზე - რა პირობებით მოხდება სტარტაპის შერჩევა და იქნება თუ არა მათი რაოდენობა ლიმიტირებული, GITA-ში განმარტავენ, რომ  სტარტაპის სტატუსისთვის დადგენილი მოთხოვნები განსაზღვრულია „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით. რაოდენობაზე აქცენტირება არ ხდება და  ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ექნება შესაძლებლობა მიმართოს სააგენტოს ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოპოვების თაობაზე განაცხადით. 

სააგენტო, დადგენილ მოთხოვნებთან განაცხადის შესაბამისობის შესწავლის შემდეგ, შესაბამისობის შემთხვევაში, დოკუმენტაციას უგზავნის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელიც თავის მხრივ, უგზავნის საქართველოს მთავრობას. ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭებას, ისევე როგორც ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებას  ახდენს საქართველოს მთავრობა.

რაც შეეხება იმას, თუ  რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სტარტაპი,  მათ შორის,  რა საგადასახადო სტატუსი უნდა ჰქონდეს, სააგენტოში „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, რომ  „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით ინოვაციური სტარტაპი განისაზღვრება შემდეგნაირად: ინოვაციური სტარტაპი არის ინოვაციური საქმიანობის განმახორციელებელი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოება, რომელიც აკმაყოფილებს ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭებისთვის კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

ინოვაციური სტარტაპის სტატუსისადმი დადგენილია შემდეგი მოთხოვნები:

  • იგი ქმნის ინოვაციურ პროდუქტს, შეიმუშავებს ინოვაციურ პროცესს ან/და ეწევა ინოვაციურ მომსახურებას;
  • მან აღნიშნული სტატუსის მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში საინვესტიციო ფონდისგან, ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან/და აქსელერატორისგან მოიპოვა არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია ან სააგენტოსგან მოიპოვა არანაკლებ 150 000 ლარის ოდენობის საგრანტო დაფინანსება.
  • იგი ინოვაციურ პროდუქტს, პროცესს ან მომსახურებას ქმნის ზემოაღნიშნული დაფინანსებით. შესაბამისად, მის მიერ მიღებული შემოსავალი და გაწეული ხარჯები არსებითად ამ საქმიანობასთან არის დაკავშირებული;
  • ასევე გათვალისწინებულია ისეთი მოთხოვნები, როგორიცაა, საგადასახადო დავალიანების არქონა, სტატუსის მაძიებელი პირი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში,  მის მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და  არ უნდა იმყოფებოდეს ლიკვიდაციის პროცესში.

სტატუსის მინიჭება ხდება 1 წლის ვადით, თუმცა სტატუსის მოქმედების მაქსიმალური ვადა შეადგენს 10 წელს. შესაბამისად, ხდება სტატუსის მოთხოვნებთან შესაბამისობის ყოველწლიური დასაბუთება, რაც აუცილებელი პირობაა სტატუსის ვადის მომდევნო ერთი წლის  გასაგრძელებლად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სტარტაპის სტატუსისადმი დადგენილი მოთხოვნები იცვლება სტარტაპის განვითარების ეტაპების შესაბამისად. მაგალითად, მოპოვებული ინვესტიციის განსაზღვრული ოდენობა, მეოთხე წლისთვის  ჯამურად უნდა შეადგენდეს 5 მილიონ ლარს, ხოლო მეშვიდე წლისთვის ჯამურად 15 მილიონ ლარს. ამასთან, აღნიშნული ინვესტიციის სულ მცირე 30% მოპოვებულ უნდა იყოს საინვესტიციო ფონდისგან, ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან/და აქსელერატორისგან.

რაც შეეხება იმას, განისაზღვრა თუ არა სტარტაპის დეფინიცია და არსებული შეღავათები გავრცელდება თუ არა, უკვე არსებულ სტარტაპერებზე,  საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში (GITA) აცხადებენ, რომ  „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრება სტარტაპის დეფინიცია. აღნიშნული შეღავათები ვრცელდება  ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტზე. თავის მხრივ, ნებისმიერი პირი, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს, უფლებამოსილია მოიპოვოს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი, მათ შორის, თავისთავად იგულისხმება  ცვლილების ამოქმედებამდე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული სტარტაპები.

შეგახსენებთ, საქართველოში ინოვაციური სტარტაპის სტატუსის განსაზღვრაზე და  და ამ სტატუსის მქონე კომპანიებისთვის საგადასახადო შეთავათები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე დაანონსა.

გამოგვყევით