გერმანიაში არსებულ „როსნეფტის“ აქტივებს, რომლებსაც გერმანიის ხელისუფლების მიერ დანიშნული მმართველები ჰყავს, აშშ-ის სანქციები არ შეეხება.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, კატარინა რაიხემ განაცხადა, რომ ბერლინმა მიიღო „საგარანტიო წერილი“ ვაშინგტონიდან, რომელსაც, მისივე თქმით, „უვადო ძალა აქვს“.
Reuters-ის მიხედვით, იმ კომპანიებს, რომლებიც გერმანიაში „როსნეფტის“ სტრუქტურებთან თანამშრომლობენ, შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ აშშ-ის მეორადი სანქციები მათზე არ გავრცელდება.
ცნობისთვის, 22 ოქტომბერს აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღო, ამის მიზეზად დასახელდა ის, რომ „რუსეთს არ გააჩნია სერიოზული ინტერესი მშვიდობიანი პროცესის მიმართ“ უკრაინაში ომის დასასრულებლად.
შავ სიაში მოხვდა რუსეთის ორი უმსხვილესი ნავთობკომპანია – „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ და მათი შვილობილი კომპანიები.
გარდა ამისა, სანქციები ვრცელდება ყველა იმ იურიდიულ პირზე, რომელიც „50%-ით ან მეტით ეკუთვნის ერთ ან რამდენიმე სანქცირებულ იურიდიულ პირს“. წესების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია სამოქალაქო ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა როგორც აშშ-ის მოქალაქეებისთვის, ისე უცხოელებისთვის.
სიაში არ მოხვდნენ გერმანიაში მოქმედი „როსნეფტის“ შვილობილი კომპანიები – „როსნეფტ დოიჩლენდი“ და RN Refining & Marketing-ი, რომლებსაც ამჟამად გერმანიაში სახელმწიფო მართავს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გერმანიის ხელისუფლებამ „როსნეფტს“ ჩამოართვა კონტროლი აღნიშნულ კომპანიებზე. საკუთრების უფლება კი ფორმალურად კვლავ „როსნეფტს” დარჩა.
„როსნეფტ დოიჩლენდი“ გერმანიაში ნავთობის გადამამუშავებელი სიმძლავრეების დაახლოებით 12%-ს ფლობს. კომპანიას ასევე აქვს წილები სამ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში – PCK Schwedt-ში (შვედტი), MiRo-სა (კარლსრუე) და Bayernoil-ში (ფობურგ ან დერ დონაუ).
27 ოქტომბერს „ბლუმბერგმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აშშ-მა გერმანიის ხელისუფლებას ექვსთვიანი ვადა მისცა, რათა ბერლინმა მოაგვაროს „როსნეფტის“ აქტივების საკუთრების სტრუქტურა.
1tv.ge