საქართველოში ძალიან მალე ზეთისხილის დარგი, მევენახეობის, მეთხილეობისა და სხვა კულტურებს გადაასწრებს. ადრე თუ ზეთისხილის ბაღის გაშენების სურვილი 100 ფერმერს ჰქონდა, დღეს 300 ფერმერს აქვს და ეს ტენდენცია მზარდია, - ამის შესახებ "სვანიძის ზეთისხილის" დამფუძნებელმა, გიორგი სვანიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, რაც უფრო მეტი პროდუქცია გვექნება, უფრო მეტი ექსპორტი იქნება და ასევე, იმპორტირებული პროდუქცია უფრო მეტად ჩანაცვლდება.
"ქართულმა ზეთისხილმა მსოფლიოში საუკეთესოთა შორის საუკეთესო ნიშა დაიკავა. მიმდინარე წელს, უხვმოსავლიანი არ ყოფილა, რადგან როგორც საქართველოში, ისე ევროპის ქვეყნებში მოსავალი შედარებით ნაკლები იყო, მაგრამ ხარისხი უკეთესი. მოგეხსენებათ, რომ ულტრათანამედროვე ქარხანა გაიხსნა, რომელიც ვაკუმური გამოწურვით ამზადებს ზეთს. მე ნამდვილად მეამაყება, რომ საქართველოში ასეთი ქარხანა გაიხსნა. აღნიშნულ პროექტში 7 მლნ-ის ინვესტიცია განხორციელდა. ჩვენ პირველ რიგში გვინდა, რომ საქართველოს ბაზარს მოვემსახუროთ და ნამდვილი ზეთისხილის ზეთი მივაწოდოთ. ყველა ადამიანს, რომელსაც დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა სურს ეს ზეთი უნდა მიიღოს. ამის შემდეგ კი შეგვიძლია საზღვარგარეთ ექსპორტზეც უფრო აქტიურად ვიმუშაოთ.
ზეთისხილის მოხმარება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში იზრდება, ამიტომ ყოველთვის ვამბობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ზეთისხილი უნდა დაირგოს. ქართული ზეთისხილის ზეთი ყოველთვის პრემიუმ ხარისხში გადის", - აცხადებს გიორგი სვანიძე.
ცნობისთვის, საქართველოში ზეთისხილის გადამამუშავებელი ყველაზე მსხვილი ქარხანა - "სვანიძის ზეთისხილის საწარმო" - გაიხსნა. ობიექტი დედოფლისწყაროში, ტარიბანას ველზე მდებარეობს და დღეში 150 ტონა ზეთისხილს გადაამუშავებს.