ჩინეთიდან ქათმის ფეხებზე მოთხოვნა არსებობს, თუმცა არ მგონია მოცულობის კუთხით, საქართველო მიმზიდველი ბაზარი იყოს, - ამის შესახებ კომპანია "ჩირინას" (ბრენდი "ბიუ-ბიუ") დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე თქმით, ქათმის ფეხების გამო კომპანია წარმადობის ზრდას არ გეგმავს, თუმცა თუ ჩინეთის ბაზარი გაიხსნება, აღნიშნული მიმართულებით მუშაობა შესაძლებელია.
"ჩინეთის მოსახლეობა 1.41 მილიარდია. ამ ქვეყანაში საწარმოებიც არის და სხვა ყველაფერი. საქართველოში მოსახლეობა,დაახლოებით, 3.5 მლნ-ს შეადგენს. ჩვენ რა უნდა შევთავაზოთ ჩინეთს? ეს ყველაფერი არარეალურია. ჩინეთისთვის რაოდენობრივად საინტერესო ბაზარი ვიქნებით? ქათმის წარმოება ჩვენთან მინიმალურია. ჩინეთიდან ქათმის ფეხზე მოთხოვნა არის, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე საქართველოში წარმოების მოცულობა მცირეა.
მე 5 წელი ვმუშაობდი ამ საკითხზე. მათ შორის, ფეხის, კისრის და თავის ექსპორტზე, თუმცა ჩინეთის ბაზარზე პროდუქციის გატანა საკმაოდ რთული იყო და არ გამოვიდა. თუ სახელმწიფოებს შორის ეს საკითხები მოწესრიგდება შემდეგ შესაძლებელია ამაზე ფიქრი დავიწყოთ. ჩინეთი საკმაოდ ჩაკეტილი ბაზარია და იქ ექსპორტი თითქმის შეუძლებელი იყო. ახლა გავიგეთ, რომ მემორანდუმები ფორმდება და ვნახოთ როგორ იქნება.
აღსანიშნავია, რომ ჩინელები თავადაც იყვნენ საქართველოში ჩამოსულები და თქვეს, რომ ქათმის ფეხებს წაიღებდნენ", - აცხადებს რევაზ ვაშაკიძე.
ცნობისთვის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ეწერება ხელი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით სონღულაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული მემორანდუმი საქართველოს შესაძლებლობას გაუხსნის ქათმის ხორცის ექსპორტთან დაკავშირებით.