საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერთან ლი ციანთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ნათია თურნავას განცხადებით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც არსებითია ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ფინანსური ურთიერთობების განვითარებისა და გაძლიერებისთვის.
"ესაა ისტორიული შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომელიც შუა დერეფანში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და საინტერესო პარტნიორად გვაქცევს ჩინეთისთვის", - განაცხადა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავას ინფორმაციით, შეხვედრისას ხაზი გაესვა ბანკთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას, საგადახდო სისტემების დაახლოებასა და ჩინური ბანკების მხრიდან საქართველოში ინვესტირებისა და განვითარების მნიშვნელობას.
მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ ამას ხაზი გაუსვა არა მხოლოდ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, არამედ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ლი ციანმა.
"მან პირდაპირ თქვა, რომ საგადახდო სისტემების მიმართულებით თანამშრომლობა პრიორიტეტულია. ეს არის ჩვენი ძალისხმევის დაფასებაც, ვინაიდან მოგეხსენებათ, წლის დასაწყისში ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რის შემდეგაც დავიწყეთ ძალიან აქტიური კომუნიკაცია, თანამშრომლობა ჩინეთის საერთაშორისო საგადახდო სისტემის CIPS-ის მენეჯმენტთან. ქართული ბანკები აქტიურად მიმართავენ ამ სისტემას იმისთვის, რომ მისი პირდაპირი მონაწილეები გახდნენ, რაც იუანში განხორციელებული ტრანზაქციების უფრო სწრაფად, უფრო ხარისხიანად, შუამავლების გარეშე შესრულების საშუალებას იძლევა. ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ამასთან, შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და ტექნოლოგიების სფეროებში. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ ფარგლებში თანამშრომლობასა და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე.
პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.