logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს შორის საქართველოში უნაღდო გადახდების განვითარების ხელშეწყობის პროექტი ხორციელდება

ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს შორის საქართველოში უნაღდო გადახდების განვითარების ხელშეწყობის პროექტი ხორციელდება

1762270920

"საქართველოს ეროვნული ბანკისა და კორეის ცენტრალური ბანკის პარტნიორობა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს საქართველოს ფინანსური სისტემის განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში მიმდინარეობს პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში უნაღდო (ელექტრონული) გადახდების განვითარების ხელშეწყობა.

"პროექტი ასევე მიზნად ისახავს საგადახდო სისტემების განვითარებასა და ელექტრონული ადახდების სფეროში მომხმარებელთა ჩართულობის გაზრდას, რომელიც ორიენტირებულია საკანონმდებლო და ინფრასტრუქტურული ბარიერების იდენტიფიცირებაზე, საგადახდო სფეროში ტექნოლოგიური ინოვაციების წახალისებასა და მომხმარებელთა ქცევის შესწავლაზე.

შეთანხმების ფარგლებში, სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკის (Bank of Korea) და კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და კლირინგის ინსტიტუტის (Korea Financial Telecommunications and Clearings Institute - KFTC) ორგანიზებით, ქალაქ სეულში შედგა საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების გუნდის ვიზიტი, რომელსაც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა ხელმძღვანელობდა. სებ-ის დელეგაციაში იმყოფებოდნენ საგადახდო სისტემები დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნატალია ჭყოიძე, ასევე დეპარტამენტის წარმომადგენლები", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს გაუზიარეს კორეის გამოცდილება ელექტრონული სერვისების განვითარების მიმართულებით, მათ შორის, საგადახდო სისტემების სრულყოფის, ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვისა და რეგულირების თანამედროვე პრაქტიკის მიმართულებით. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა „Korean Exchange“-ისა და „Korean Credit Information Services“-ის წარმომადგენლებთან.

"კორეის ცენტრალურ ბანკთან პარტნიორობა მნიშვნელოვან შესაძლებლობას გვაძლევს, გავეცნოთ მოწინავე გამოცდილებას და შევაფასოთ, როგორ შეიძლება ინოვაციური ტექნოლოგიებისა და რეგულირების თანამედროვე მიდგომები  საქართველოს ფინანსურ ეკოსისტემას მოვარგოთ. ჩვენი მიზანია, გავზარდოთ მომხმარებელთა ნდობა და ჩართულობა ელექტრონულ გადახდებში, რაც აუცილებელია ქვეყნის ფინანსური მდგრადობისთვის", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე გალდავამ.

როგორც ინფორმაციიდან ვიგებთ, პროექტის მომდევნო ეტაპზე განხორციელდება დეტალური ანალიზი, მათ შორის, მოხდება ტექნოლოგიური და სამართლებრივი ასპექტების განხილვა.

ამასთან, ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით მომზადდება რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს საგადახდო ეკოსისტემის განვითარებას, მომხმარებელთა ჩართულობის გაზრდასა და ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

გამოგვყევით