logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"სამეწარმეო ვენახების გაშენების შესახებ რეგულაცია ნამდვილად უნდა არსებობდეს - სახელმწიფომ და კერძო მევენახემ საერთო ენა უნდა გამონახონ" - გიორგი ღვარძელაშვილი

ახლადგაშენებული სამეწარმეო ვენახების სავალდებულო რეგისტრაციის დაწესებამდე მევენახეებთან მეტი დიალოგი იყო საჭირო, - ამის შესახებ  - ამის შესახებ ბიოღვინოს მწარმოებელი კომპანიის “ღვარძელაშვილის მარნის“ დამფუძნებელი გიორგი ღვარძელაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ღვინის ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენელი ყველა რეგიონში ჰყავს და საჭირო იყო მოსახლეობასთან შეხვედრები გაემართათ, რაც ცნობიერებას გაზრდიდა.

"სამეწარმეო ვენახების გაშენების შესახებ რეგულაცია ნამდვილად უნდა არსებობდეს, თუმცა ეს არ უნდა იყოს ხისტი. ჩემს გარშემო ძალიან ბევრმა რეგისტრაციასთან დაკავშირებული ახალი რეგულაცია დადებითად ვერ აღიქვეს. ვფიქრობ, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღების პროცესში აუცილებელი იყო მევენახეების ჩართულობა და მათთან მსჯელობა. 

სახელმწიფომ და კერძო მევენახემ საერთო ენა უნდა გამონახონ და ერთ აზრზე შეჯერდნენ. მცირე მევენახისთვის აღნიშნული რეგულაცია რთულია და უნდა შერბილდეს. ამისთვის ჯერჯერობით მზად არ ვართ. აღნიშნულ რეგულაციამდე უნდა ყოფილიყო გარკვეული წინაპირობები და ნიადაგი, რომ გლეხი ამას შეგუებოდა. ორ მხარეს შორის უნდა შედგეს დიალოგი და გამოსავალი მოინახოს", - აცხადებს გიორგი ღვარძელაშვილი. 

ცნობისთვის, „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, იცვლება სამეწარმეო ვენახების გაშენებასთან დაკავშირებული წესები. ყველა იმ პირმა, რომელმაც მიმდინარე წლის 1 მაისამდე გააშენა ვენახი და ამ დრომდე არ აქვს რეგისტრირებული ვენახების კადასტრის ერთიან ბაზაში, 2026 წლის 1 მაისამდე  შესაბამის მუნიციპალიტეტში უნდა მიმართოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სამმართველოს წარმომადგენლებ და ვენახი ოფიციალურად დაარეგისტრიროს.

კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 1 მაისის შემდგომ პერიოდში კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირი, რომელიც ვენახს თვითნებურად გააშენებს, ვერ შეძლებს მიღებული ყურძნის ან წარმოებული ღვინის კომერციულ რეალიზაციას.

გამოგვყევით