ქართველებს არასდროს არ გვაკლდა ღვინის ხარისხი, თუმცა ბოლო პერიოდში ქართველი მომხმარებლების მხრიდან ხარისხიან ღვინოზე მოთხოვნა გაიზარდა, - ამის შესახებ თბილისთან მდებარე LisiWine-Meskhishvili Winery-ის დამფუძნებელმა ილია მესხიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე, გაზრდილია მოთხოვნა დეგუსტაციებზე, რისი მიზეზიც ქართველ მომხმარებლებში ცნობიერების გაზრდაა.
"ზოგადად გლობალური პროცესებიდან გამომდინარე ევროპის ქვეყნებში, სადაც ჩვენ ექსპორტს ვახორციელებთ მოთხოვნა მცირედით შემცირებულია. მიუხედავად ამისა, თითქმის იგივე მაჩვენებლები გვაქვს, რადგან შეკვეთები ისევ არის. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს - აქ მოთხოვნა სტაბილურია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ღვინო მხოლოდ ჩვენს ობიექტზე იყიდება და მიუხედავად იმისა, რომ ტურისტების რაოდენობა შემცირებულია აქცენტი ქართველ სტუმრებზე გავაკეთეთ. ჩვენ თავად შევქმენით მოთხოვნა, რადგან მომხმარებლებს მისაღებ ფასს და სერვისს ვთავაზობთ.
მიუხედავად ამისა, სამომავლოდ, რა თქმა უნდა, გვაქვს სურვილი, რომ ადგილობრივ ბაზარზე განვვითარდეთ და ღვინის მაღაზიებში შევიდეთ. მიმდინარე პერიოდში, გააქტიურდა რესტორანში ვიზიტორების რაოდენობა, მათ შორის, ექსკურსიები, რომელთაც ეთნო ტურს ვუტარებთ და ვაცნობთ ქართულ ტრადიციებს და ღვინის წარმოების პროცესს. ქართველი სტუმრების გარდა, გვყავს უცხოელებიც, მათ შორის, ევროპული, ამერიკული და აზიური ქვეყნებიდან", - აცხადებს ილია მესხიშვილი.
ცნობისთვის, LisiWine-Meskhishvili Winery-ის ღვინო ადგილობრივი ბაზრის გარდა პორტუგალია, ავსტრიასა და გერმანიის ბაზარზე იყიდება. გარდა ამისა, მეღვინეობას მოლაპარაკებები აქვს ამერიკასთან.
მეღვინეობას 7 დასახელების ღვინო აქვს, მათ შორის ქვევრისა და კლასიკურად წარმოებული. ძირითადად, მშრალი ღვინოებია. რაც შეეხება ვენახებს - კომპანიას კახეთში 40 წლის ვენახი აქვს, რომელიც კარგი მოსავლით გამოირჩევა.
ამასთან, , LisiWine-Meskhishvili Winery ფლობს როგორც ღვინის მარანს, ისე სარესტორნო და რეკრეაციული ზონას, სადაც მომხმარებლებს ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნება და ღვინის წარმოების გაცნობის შესაძლებლობა აქვთ.