თბილისთან მდებარე LisiWine-Meskhishvili Winery-ის დამფუძნებლის ილია მესხიშვილის განცხადებით, ახლადგაშენებული სამეწარმეო ვენახების რეგისტრაცია გაშენების პროცესის რეგულირებას და ყურძნის ხარისხის ზრდას ხელს შეუწყობს.
როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, რეგულაცია ინვესტორისთვის დაბრკოლებას არ ქმნის, რადგან რეგისტრაციის პროცესი უფასოა.
"ყურძნის ხარისხი დღეს საქართველოში გარკვეულწილად პრობლემატურია. ჩემი აზრით, ახლადგაშენებული სამეწარმეო ვენახების რეგისტრაციის რეგულაცია ცუდი არ არის. ეს გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ყურძნის ხარისხის ზრდას და ასევე, ვენახების გაშენების პროცესის რეგულირებისთვის.
გარდა ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ ვენახის გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა - ეს არ იქნება დამაბრკოლებელი ინვესტიციის განხორციელებისთვის", - აცხადებს ილია მესხიშვილი.
თავად მეღვინეობას 7 დასახელების ღვინო აქვს, მათ შორის ქვევრისა და კლასიკურად წარმოებული, რომელთაგან ძირითადად, მშრალი ღვინოებია. რაც შეეხება ვენახებს - კომპანიას კახეთში 40 წლის ვენახი აქვს, რომელიც კარგი მოსავლით გამოირჩევა. როგორც ილია მესხიშვილი აღნიშნავს, როდესაც მოსავალი ხარისხიანია, ეს ღვინოზეც აისახება.
ცნობისთვის, "ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში" განხორციელებული ცვლილებების თანახმად, იცვლება სამეწარმეო ვენახების გაშენებასთან დაკავშირებული წესები. ყველა იმ პირმა, რომელმაც მიმდინარე წლის 1 მაისამდე გააშენა ვენახი და ამ დრომდე არ აქვს რეგისტრირებული ვენახების კადასტრის ერთიან ბაზაში, 2026 წლის 1 მაისამდე შესაბამის მუნიციპალიტეტში უნდა მიმართოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სამმართველოს წარმომადგენლებს და ვენახი ოფიციალურად დაარეგისტრიროს.