საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ საერთაშორისო სამშენებლო გამოფენა Caucasus Build 2026 გაიხსნა, რომელიც სამი დღის განმავლობაში აერთიანებს სამშენებლო მასალების წამყვან მოთამაშეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
გამოფენაში წარმოდგენილია 40-მდე ქვეყნის 200-ზე მეტი კომპანია, მათ შორის პოლონეთის ეროვნული სტენდი, რომელიც ორგანიზებულია პოლონეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის მიერ. მე-11 პავილიონში განთავსებული სტენდი აერთიანებს პოლონურ მწარმოებელ კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქართულ ბაზარზე საქმიანობის გაფართოებით და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით.
პოლონური დელეგაცია წარმოადგენს სამშენებლო სექტორის მრავალ მიმართულებას — მათ შორის სამშენებლო მასალებს, თანამედროვე სახურავის სისტემებს, კარ-ფანჯრისა და ინტერიერის გადაწყვეტილებებს, განათების
სისტემების, ავეჯის მწარმოებლებს, ფარდა-ჟალუზებს, საინჟინრო და ტექნოლოგიურ პროდუქტებს. წარმოდგენილი კომპანიები აქტიურად საქმიანობენ საერთაშორისო ბაზრებზე, თუმცა საქართველოში არცერთ მათგანს არ ჰყავს
ექსკლუზიური წარმომადგენელი და ეძებენ პარტნიორებს.
პოლონეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელის, გვანცა გრიგალაშვილის განცხადებით, გამოფენაში მონაწილეობა ემსახურება როგორც სავაჭრო, ასევე საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებას:
„პოლონეთის ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილია მწარმოებელი კომპანიები სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ველოდებით სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს — როგორც მსხვილ დეველოპერებსა და პროექტების განმახორციელებლებს, ასევე მცირე ბიზნესსა და ინდივიდუალურ მომხმარებლებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ხარისხიანი ევროპული პროდუქტით. ჩვენი მიზანია, დავაკავშიროთ ქართული კომპანიები პოლონელ მწარმოებლებთან და ხელი შევუწყოთ გრძელვადიანი პარტნიორობების ჩამოყალიბებას.
მიუხედავად იმისა, რომ გამოფენაში მონაწილე კომპანიების მცირე ნაწილს საქართველოში აქვს გარკვეული პროექტები განხორციელებული, უმრავლესობა მათგანისთვის საქართველო ახალი ბაზარია და მათ ექსკლუზიური წარმომადგენლები არ ჰყავთ. ეს იძლევა დამატებით შესაძლებლობას ჩამოყალიბდეს ახალი თანამშრომლობა პოლონურ და ქართულ კომანიებს შორის.
ამასთან, ვხედავთ ინტერესს საინვესტიციო მიმართულებითაც — როგორც ერთობლივი წარმოების განვითარების, ისე ნედლეულის მიწოდების კუთხით აღსანიშნავია, რომ 18 აპრილს 17:00 სსაათზე, თითოეული კომპანია გამართავს პრეზენტაციებს საკუთარი კომპანიის შესახებ სადაც ყველა მსურველი დეტალურ ინფორმაციას მიიღებს მათ გამოცდილებასა და შესაძლებლობებზე".
პოლონეთი ერთ-ერთ ლიდერ ქვეყნად ითვლება ევროპაში სამშენებლო და ხის პროდუქციის წარმოების მიმართულებით. კარ-ფანჯრებისა და ხის ინდუსტრიაში პოლონური კომპანიები მნიშვნელოვან წილს იკავებენ საერთაშორისო ბაზარზე, რაც ქართულ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ წვდომა ხარისხიან და კონკურენტუნარიან პროდუქტებზე.
პოლონეთის სამშენებლო სექტორი ევროკავშირის მასშტაბით სიდიდით რიგით მეექვსეა.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი:
Caucasus Build 2026 წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ რეგიონულ პლატფორმას სამშენებლო სექტორისთვის, სადაც იქმნება ახალი ბიზნესკავშირები, ხდება ინოვაციების გაცვლა და ვითარდება საერთაშორისო თანამშრომლობა. პოლონური კომპანიების აქტიური მონაწილეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ბაზრის მიმართ მზარდ ინტერესს და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალს. პოლონეთის ეროვნული სტენდი ღიაა ყველა დაინტერესებული ვიზიტორისთვის მე-11 პავილიონში.
