logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ტურისტული ნაკადების კლების მიუხედავად, ზაფხულთან დაკავშირებით პოზიტიური პროგნოზები გვაქვს" - The cone culture ice cream

ტურისტულადაც მძიმე პერიოდში ვართ და უცხოელი სტუმრები თავს არიდებენ ჩვენს რეგიონში ჩამოსვლას. ცხადია, ჩვენზეც აისახა ეს ტენდენცია. თუმცა ზაფხულთან დაკავშირებით მაინც პოზიტიური პროგნოზები გვაქვს და კარგ სეზონს ველოდებით, - ამის შესახებ ნაყინის მწარმოებელი კომპანიის The Cone Culture Ice Cream-ის მენეჯერმა ქეთი მიქაშავიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კომპანია ზაფხულს ბევრი სიახლით ხვდება, მათ შორის, The cone culture ice cream დაამატა ისეთი გემოები როგორიც არის - საფერავის ნაყინი, შოკოლადის და კარამელიზებული ფორთოხლის, ქოქოსის, ნუშის და ჟოლოს ნაყინი, სააღდგომოდ პასკის ნაყინიც კი.

"გაზაფხულის სეზონი ყოველთვის გამოწვევებით სავსეა. ამინდზე ძალიან დამოკიდებულები ვართ, რომელმაც წელს გადაწყვიტა, რომ ზამთარი თბილისში გრძელი და ცივი უნდა იყოს. შესაბამისად, როდესაც ტრადიციულად მარტის ბოლოს მზე უკვე უხვად არის ხოლმე ქალაქში, წელს სულ რამდენიმე დღეა რაც სითბომ დაიმკვიდრა თავი.

წელს ცნობილი ტკბილეულით ინსპირირებული გემოც დავამატეთ მენიუს - "შენ შენ არ ხარ" დავარქვით. შოკოლადის ნაყინია მარილიანი კარამელით და მიწის თხილით. ეს მხოლოდ რამდენიმე ახალი გემოა, რომლითაც ახალ სეზონს ვხვდებით.

უამრავი სიახლე გველოდება წინ, ხილის და კენკრის სეზონს ველოდებით სულმოუთქმელად. ყველაზე მოთხოვნადი გემოს გამოყოფა ყოველთვის მიჭირს, რადგან ყველა სეზონს თავისი ფავორიტი ჰყავს. ახალი გემოებიც იმკვიდრებენ თავს. თუ მაინც და მაინც 1 გემოა გამოსაყოფი, მარილიან კარამელს ვიტყოდი - ყველა სეზონზე პოპულარულია. გაფართოების გეგმები B2B სეგმენტში გვაქვს და ბევრ ახალ პარტნიორს ვიმატებთ. აქტიურად ვმუშაობთ ღონისძიებების მიმართულებით და ჩვენი მოძრავი ნაყინის ურიკით ბედნიერებას და ხელნაკეთ ნაყინს ვუზიარებთ ქორწილის, დაბადების დღის, კორპორატიული თუ ფესტივალის სტუმრებს", - აცხადებს ქეთი მიქაშავიძე.

ცნობისთვის, The cone culture ice cream ნაყინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელსაც 5 წლიანი წარმოების ისტორია აქვს. კომპანია მომხმარებელს ნაყინის ფართო ასორტიმენტსა და ორცხობილებს სთავაზობს - კერძოდ, 300-მდე გემოს ნაყინს. კომპანიას ამ ეტაპზე თბილისში ორი ფილიალი აქვს: შევჩენკოსა და ვეკუას ქუჩებზე.

გამოგვყევით