logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"წარმოვჩნდით როგორც ახალი და მზარდი რეგიონული ფინანსური ჰაბი" - ნათია თურნავა აშშ-ში ვიზიტს აფასებს

"წარმოვჩნდით როგორც ახალი და მზარდი რეგიონული ფინანსური ჰაბი" - ნათია თურნავა აშშ-ში ვიზიტს აფასებს

1776678120

ყველგან, სადაც კი გვქონდა შეხვედრა, საუბარი იყო პირველ რიგში საქართველოს ეკონომიკის ძლიერი პოზიციების შეფასებაზე, ჩვენს მედეგობაზე, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მისი თქმით, ინტენსიური კვირა იყო, რომლის ფარგლებშიც შედგა არაერთი მნიშვნელოვანი და მაღალი დონის შეხვედრა თუ დისკუსია.

ქართული დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და გიორგი კაკაურიძე.

ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავამ დელეგაციის წევრებთან ერთად შეხვედრები გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან, სსფ-ის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთან, ასევე, სსფ-ის აღმასრულებელ და ალტერნატიულ დირექტორებთან.

„პირველ რიგში, გამოვყოფ შეხვედრებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობასთან. მათთან შეხვედრებისას წინ არის წამოწეული რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები და ამისათვის საერთაშორისო სავალუტო  ფონდი ძალიან კარგ პლატფორმას გვთავაზობს.

საუბრები გვქონდა რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე, შუა დერეფნის როლზე, რაც ახალმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევამ - ირანთან დაკავშირებულმა კონფლიქტმა კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა. მისასალმებელია საყოველთაო შეფასება, რომ საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა თავისი ეკონომიკური და  პოლიტიკური სტაბილურობით, თავისი მიმზიდველობით, რეფორმირებული სტრუქტურებით, გამჭვირვალობით და მაღალის ხარისხის ინფრასტუქტურით, რომელიც მზად არის მიიღოს დამატებითი ტვირთები, გაწიოს დამატებითი ლოგისტიკური მომსახურება და რაც მთავარია, წარმოვჩნდით როგორც ახალი და  მზარდი რეგიონული ფინანსური ჰაბი, რაც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დარწმუნებულები ვართ, რომ ბევრი ინვესტორი მომავალში აირჩევს საქართველოს იმისთვის, რომ აქ დაფუძნდეს და გააგრძელოს თავისი საქმიანობა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ვიზიტის ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ფინანსთა მინისტრთან ერთად ამერიკული საინვესტიციო კომპანიების J.P. Morgan-სა და Bank of America-ს ინვესტორებთან გამართა შეხვედრა, რომელშიც აშშ-ის, ევროპის და აზიის 20-ზე მეტი გლობალური საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

„რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა გლობალურ ინვესტორებსა და საინვესტიციო ფონდებთან. ვესაუბრეთ მათ საქართველოს მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, გამოწვევებზე, ჩვენს სიძლიერეზე. წარმოვაჩინეთ თუ რატომ არის მიმზიდველი მათთვის საქართველოში ინვესტირება. რა თქმა უნდა, საკმაოდ მაღალი იყო ინტერესი მათი მხრიდან და ეს დადასტურებულია კიდეც იმ არსებული ინვესტიციებით, მათ შორის, საფინანსო ბაზარზე, რაც უკვე განხორციელებულია საქართველოში. ინვესტორთა მხრიდან ინტერესი კვალავაც მზარდია“,  -  განაცხადა ნათია თურნავამ.

გარდა ამისა, ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი  არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, ხალიდ მოჰამედ ბალამას შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„ჩემს კოლეგასთან, გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საწინდარია და მნიშნველოვანია ქვეყნებს შორის მზარდი ეკონომიკური ურთიერთობების კონტექსტში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

აშშ-ში ვიზიტისას სებ-ის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო სსფ-ის მიერ ორგანიზებულ მაღალი რანგის მრგვალი მაგიდის დისკუსიაში. ასევე, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ცენტრალური ბანკის მმართველებისა და ფინანსთა მინისტრებისთვის ორგანიზებულ შეხვედრაში.

13-18 აპრილს, ოფიციალურმა ვაშინგტონმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებს უმასპინძლა, რომელშიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, ცენტრალური ბანკირები და ფინანსთა მინისტრები მონაწილეობდნენ. განიხილავდნენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის თემებს.

"ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო ინვესტიციებით, გადასახადებით და ყველა სხვა კომპონენტით  საინტერესო ქვეყანაა" - კახა კალაძე თბილისში Trump Tower-ის  პროექტზე

"ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო ინვესტიციებით, გადასახადებით და ყველა სხვა კომპონენტით  საინტერესო ქვეყანაა" - კახა კალაძე თბილისში Trump Tower-ის  პროექტზე

გამოგვყევით