logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ტურისტების მხრიდან ხილის ბრენდის ალკოჰოლურ სასმელებზე მოთხოვნა მზარდია" - "ენამზე"

კომპანია "ენამზის" დამფუძნებლის, დირექტორის ლაშა ჯანელიძის ინფორმაციით, ტურისტების მხრიდან ხილის ბრენდის ალკოჰოლურ სასმელებზე მოთხოვნა განსაკუთრებით მზარდია.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, ადგილობრივ ბაზარზე მსგავსი ხაზის მიმართულებით კონკურენცია დიდია, თუმცა "ენამზე" საკუთარ ნიშას აბსოლუტურად ნატურალური სასმელით იკავებს.

"ალკოჰოლური სასმელი სხვადასხვა ხილის მიმართულებით გვაქვს. ამ ეტაპზე, მომხმარებლებს ციტრუსისა და კომშის ნაზავს ვთავაზობთ. მუშაობის სპეციფიკის გაგრძელებას მთლიანად ხილის მიმართულებით ვაპირებთ. ასორტიმენტის გაზრდა ფეიხოას, კივის, ნესვის მიმართულებით რამდენიმე თვეში იგეგმება. ნატურალურ ნედლეულს ადგილობრივ ბაზარზე ვიძენთ, პარტნიორი საწარმო კახეთში მდებარეობს და ძირითადად პროდუქციას ამავე ტერიტორიაზე ვყიდულობთ.

პროდუქციის დამზადება ჩვენი გემოვნებით, გრადუსით, საფირმო ინგრედიენტებით ხდება. მოკლედ, სასმელის ჩამოსხმაში პარტნიორი ორგანიზაცია გვეხმარება, ხოლო ბრენდირებას თავად ვქმნით, დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რომ მომხმარებელს თვალში მოხვდეს, თუმცა ჯერჯერობით, საკუთარი საწარმო არ გვაქვს.

რაც შეეხება კონკურენციას, საკუთარი ბარი მქონდა და როდესაც ხილის კარგი ალკოჰოლური სასმელის შეძენა მინდოდა,  პრობლემას ვაწყდებოდი. "ენამზეს" პროდუქტი აბსოლუტურად ნატურალური ხაზის გახლავთ, ხოლო ბაზარზე არსებული მსგავსი კომპანიები ბრენდს სხვა მეთოდით ქმნიან...", - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

ლაშა ჯანელიძე პროდუქციის რეალიზაციაზე დეტალურად საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ხილის ბრენდის ალკოჰოლურ სასმელები რამდენიმე კვების ობიექტზე უკვე წარმოდგენილია.

"კვების  რამდენიმე  ობიექტზე (კაფეში, რესტორანში) თბილისში უკვე შევედით. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ - სეზონზე გუდაური და ბაკურიანი გვინდა მოვიცვათ. პროდუქცია ძირითადად კვებით ობიექტებში იყიდება, თუმცა რამდენიმე ქართულ ალკოჰოლურ ონლაინ პლატფორმაზეც ვართ წარმოდგენილი. ყოველ თვეში "ენამზეს" გაყიდვების რაოდენობა მზარდია, ხოლო საინვესტიციო ღირებულებაზე საუბარზე თავს შევიკავებ", - აცხადებს "ენამზეს" დამფუძნებელი.

ცნობისთვის, ქართული ნატურალური ენდემური ჯიშებისგან დამზადებული ხილის მაღალალკოჰოლური სასმელი
"ენამზე" ადგილობრივ ბაზარზე მაისიდან ოპერირებს.

გამოგვყევით