კომპანია "ჭრიჭინას" დამფუძნებლის, თამარ გაგნიძის ინფორმაციით, კომპანია ახალი წლის პერიოდში ჩურჩხელის გაყიდვების მიმართულებით დადებით ტენდენციას ელოდება, რადგან პროდუქტის ჭარბი რეალიზაცია უკვე დაიწყო.
როგორც მეწარმე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, საქართველოს ბაზარზე ჩურჩხელა საკმაოდ მოთხოვნადი ხალხური დესერტი გახდა.
"კორპორაციული შეკვეთები, ჯერჯერობით, ბევრი არ არის. საახალწლოდ, როგორც ერთჯერადი გაყიდვების, ასევე კორპორაციული შეკვეთების წილი იზრდება. ზამთარში, განსაკუთრებით კი ახალი წლის პერიოდში, ჩურჩხელის მაღალ გაყიდვებს ველოდებით. ეს ის დროა, როდესაც რეალიზაცია ორმაგდება. პროდუქტს, სხვადასხვა, სეზონზე რეალიზაციის აწევა-დაწევა ახასიათებს. პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, აქტიურად ვმუშაობთ, ჭარბი გაყიდვები უკვე დაიწყო, თუმცა კონკრეტულად თვის განმავლობაში რამდენი ჩურჩხელა გაიყიდა ზუსტ ციფრს ვერ დაგისახელებთ - ბადაგს დიდი ქვაბით ყოველ დღე ვამზადებთ და ფაქტობრივად შრობას ვერ ვასწრებ, უკვე ჩემი მომხმარებელი მყავს", - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
თამარ გაგნიძე სამომავლო გეგმების შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ კომპანია მომავალი წლიდან პროდუქციის ასორტიმენტის ზრდას გეგმავს.
"სამომავლო გეგმებს, რაც შეეხება მომავალი წლიდან, სხვადასხვა, ხილის მურაბების დამატებას ვაპირებ, რაც ბაზარზე ძირითადად წარმოდგენილი არ არის. ვცდილობთ, ბაზარზე არსებულ კონკურენციას განსხვავებული პროდუქტით ვუპასუხოთ" - ამბობს თამარ გაგნიძე.
მეწარმე ნედლეულის საკითხსაც მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ პროდუქტის ინგრედიენტების ნაწილს ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს, დანარჩენს კი თავად აწარმოებს.
ცნობისთვის, კომპანია "ჭრიჭინა", რომელიც კახეთში მდებარეობს ადგილობრივ ბაზარზე რამდენიმე თვეა ოპერირებს. "ჭრიჭინა" ამჟამად, ჩურჩხელას, ჩირს, მურაბებს აწარმოებს.