logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ნიკოლოზ ბურდული: სიძვირეს განაპირობებს მწარმოებლის ფასები

ნიკოლოზ ბურდული: სიძვირეს განაპირობებს მწარმოებლის ფასები

1772703488

„ფასის მდგენელს რომ გავყვეთ, პირველი ფასის მდგენელი არის შესასყიდი ფასი, რომელსაც იმპორტის შემთხვევაში დისტრიბუტორი უცხო ქვეყნიდან ყიდულობს უცხოურ ვალუტაში, ამას მოჰყვება ტრანსპორტირება საქართველომდე, შემდეგ მოჰყვება ვალუტის გაცვლითი კურსი და შემდეგ არის დისტრიბუტორის საოპერაციო მარჟა. მეტ მარჟაზე რომ ჩამოვიდეთ საბოლოო ჯამში პროდუქტის თვითღირებულება საწყობში და დისტრიბუტორის ფასნამატი მარკეტინგული ხარჯის გამოკლებით, ამ შემთხვევაში დაახლოებით მერყეობს 16%-დან 17%-მდე“- ამის შესახებ სადისტრიბუციო კომპანიის „ფუდ სერვისი“ წარმომადგენელმა, ნიკოლოზ ბურდულმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ისაუბრა.

კითხვაზე, თუ „რა კომპონენტებია, რომელიც იწვევს საოპერაციო ხარჯების გაძვირებას და სად ფიქრობს, რომ შეიძლება ოპტიმიზაცია გაკეთდეს“, ბურდული აღნიშნავს, რომ მარკეტინგის ხარჯი ყოველწლიურად იზრდება. მისი თქმით, „გარე ფაქტორი ძალიან დიდ როლს თამაშობს, რადგან პრაქტიკულად ყველა მომწოდებელმა ფასები გააძვირა წლევანდელი იანვრიდან მოყოლებული“.

ბურდული ასევე საუბრობს, რა იწვევს საოპერაციო ხარჯების გაზრდას და ამბობს, რომ ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ასევე, ამბობს, რომ დისტრიბუტორი ფასებს თავისი ნებით ვერ გაზრდის.

„პირველი არის სამუშაო კაპიტალი და სამუშაო ძალა, რომელიც წლიდან წლამდე ძვირდება. ხელფასის მატება არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. ასევე, ლოგისტიკური მიმართულებით - საწვავი. ძირითადი საოპერაციო ხარჯები ეს არის. კონკურენციიდან გამომდინარე განუზომლად ვერ გაიზრდება ფასნამატი იმიტომ, რომ ნებისმიერ ბრენდს ჰყავს თავისი კონკურენტი და თაროზე ფასის მდგენელი ძირითად შემთხვევაში არის კონკურენტული ფასი. 2025 წლის დასაწყისიდან ბოლომდე ჩვენი პროდუქტის ფასი გაიზარდა მაქსიმუმ 2%-ით, ისიც დიდწილად დამოკიდებულია შესასყიდ ფასზე, რომელსაც მწარმოებელი კომპანია უდგენს დისტრიბუტორს. იმპორტის და აღნიშნული ოფიციალური ბრენდების წარმომადგენელი თავის ნებით ვერ ზრდის ფასებს. ყველას ჰყავს თავისი წარმომადგენლობა საქართველოში. დისტრიბუტორს უწესებს ყველა თავის საოპერაციო ხარჯის კომპონენტსაც, მოგების კომპონენტსაც, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ სცდება 3%-ს და კარგ შემთხვევაში არის 5%. ჩვენი კომპანიაც ამ ფარგლებში თამაშობს 3%-დან 5%-მდე "ებიტაჟში“- აღნიშნავს ბურდული.

ასევე, ის, რომ პროდუქტი, მაგალითად, საქართველოში უფრო ძვირია ვიდრე თურქეთში, კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამას მწარმოებლის ფასები განაპირობებს.

„სიძვირეს განაპირობებს მწარმოებლის ფასები. ხშირ შემთხვევაში არის როცა დიდი მწარმოებელი, იგივე ევროპული, ან თურქეთი და სხვა, ჩვენს ბაზარს უყურებს, როგორც უფრო ძვირს ბაზარს, პატარა შემსყიდველს და ხშირ შემთხვევაში არის შესასყიდი ფასები უფრო მეტი, ვიდრე ზემოხსენებულ ქვეყნებთან მიმართებით. მწარმოებელთან კამათი მუდმივად მიდის და მაქსიმალურად ხდება შეძლებისდაგვარად შემცირება, თუმცა, საბოლოო ჯამში თამაშის წესებს ისინი კარნახობენ,“- აღნიშნა ნიკოლოზ ბურდულმა.

შეგახსენებთ, სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა.  დროებით კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ხელმძღვანელებს.  

საპარლამენტო კომისიამდე ფასებთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო სამთავრობო კომისიამ. გადაწყვეტილება პრემიერის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც საქართველოში სურსათის ფასების მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებთან შედარებით მაღალია. ფასებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა აპრილში იქნება. 

გამოგვყევით