logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ინვესტორები მზის პანელების ფასის დასტაბილურებას აპრილის შემდეგ ელოდებიან" - თორნიკე დარჯანია

ინვესტორები მზის პანელების ფასის დასტაბილურებას აპრილის შემდეგ ელოდებიან, - ამის შესახებ მზის ენერგიის ასოციაციის თანადამფუძნებელმა თორნიკე დარჯანიამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მზის პანელების მოთხოვნის და შესაბამისად, გაძვირების პიკური პერიოდია. 

"დავიწყოთ იმით, რომ 2025 წელი ფასების ვარდნის წელი იყო, რადგან მზის პანელების ფასი ისტორიულ მინიმუმზე იყო. ფაქტობრივად, 7.5 - 8 ცენტი ფიქსირდებოდა ერთ ვატზე თვითონ ჩინეთში, ხოლო 2026 წელი მყისიერი ზრდით დაიწყო. ამ მომენტისთვის მზის პანელების ფასები 20%-ით არის გაზრდილი და პირველი აპრილიდან ჩინეთი ექსპორტის ტარიფს კიდევ ერთხელ ხსნის და დამატებით 9%-ით უნდა გაძვირდეს. შესაბამისად, მომხმარებლებმა რადგან იცოდნენ, რომ პირველი აპრილიდან პანელები გაძვირდებოდა მყისიერი შეკვეთები განახორციელეს იანვარ-თებერვალში და მარტში ჩინეთში, რამაც კიდევ უფრო მეტად გაზარდა მოთხოვნა და წარმოებაზე დაწოლა. ამ ყველაფერმა კი, ფასი კიდევ უფრო ზემოთ წაიყვანა. 

ფასის ზრდის განმაპირობებელი იყო მასალების ფასის ზრდა, მათ შორის, განსაკუთრებით ვერცხლის, ალუმინის. გარდა ამისა, ჩინეთში კონკრეტულ მარჟაზე უწევთ მუშაობა, ანუ თავისუფლად მიშვებული ბაზარი რაღაცნაირად დარეგულირდა, რადგან სახეზე იყო ველური ბრძოლა კონკურენციის თვალსაზრისით. ამიტომ ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ პირველ რიგში 20%-ით გაძვირდა და კიდევ მოსალოდნელია ფასის 9%-ით ზრდა. ყველა ინვესტორი ახლა აპრილის პერიოდის გადავლას ელოდება, რადგან პანელებზე მოთხოვნა შემცირდება მსოფლიო ბაზარზე და ფასები დასტაბილურდება. 

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ პროექტებში მზის პანელის ღირებულება დაახლოებით, 50%-ია და თუ უხეშად ვიტყვით, რომ 30%-ით არის მზის პანელის ღირებულება გაზრდილი, თვითონ პროექტის ჯამური ღირებულების გაძვირება გამოდის 15%-ით", - აცხადებს თორნიკე დარჯანია.

გამოგვყევით