აშშ-ის სენატმა უკვე მეხუთედ ვერ შეძლო დაფინანსების კანონპროექტის მიღება, რაც იმას ნიშნავს, რომ ე.წ. შათდაუნი გრძელდება.
დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა საკუთარი ვარიანტი ცალ-ცალკე წარადგინეს, თუმცა საჭირო 60 ხმა ვერც ერთმა ვერ მოიპოვა.
დემოკრატების მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც მთავრობის დაფინანსების გაგრძელებას ითვალისწინებდა, 45 ხმით 50-ის წინააღმდეგ ჩავარდა, ხოლო რესპუბლიკელების ვერსიას მხარი 52 სენატორმა დაუჭირა 42-ის წინააღმდეგ.
დემოკრატები უარს ამბობენ რესპუბლიკელების წინადადების მხარდაჭერაზე, რადგან, მათი თქმით, ეს ზღუდავს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას დაბალშემოსავლიანი ამერიკელებისთვის. რესპუბლიკელები კი შათდაუნში დემოკრატებს ადანაშაულებენ.
ცნობისთვის, ე.წ. შათდაუნი უკვე ხუთი დღეა, გრძელდება, რის გამოც ათასობით ფედერალური თანამშრომელი იძულებულია, ანაზღაურების გარეშე იმუშაოს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ამჟამად მოლაპარაკებას აწარმოებს დემოკრატებთან ჯანდაცვის რეფორმის შესახებ, თუმცა სენატში დემოკრატების ლიდერის ჩაკ შუმერის განმარტებით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თუ მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს, თანამშრომლების მასობრივად გათავისუფლებები დაიწყება.
1tv.ge