logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ძალიან დიდი მოთხოვნაა MICE ტურიზმზე - განსაკუთრებით, ინდოეთიდან და ისრაელიდან" - Kass Land Diamond Resort

ბოლო 1 წლის განმავლობაში, ძალიან დიდი მოთხოვნაა MICE ტურიზმზე - განსაკუთრებით, ინდოეთიდან და ისრაელიდან, -  ამის შესახებ Kass Land Diamond Resort-ის გენერალურმა მენეჯერმა სოფო ჯღარკავამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ჩამოსული სტუმრები ძირითადად, დაინტერესებულები არიან, სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით და ასევე, Kass Land-ი ყურადღებას სპორტული ტურიზმის მიმართულებითაც იპყრობს.

"წელს უპრეცედენტო რაოდენობის ქართველი გვეწვია და მოხარული ვართ, რომ Kass Land-ი საკმაოდ პოპულარული გახდა ადგილობრივ ბაზარზე. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ წინა წლებთან შედარებით, წელს ტურისტული ნაკადის კუთხით 4 უცხოური ქვეყანა გამოიკვეთა. ესენია: ისრაელი, ინდოეთი, ჩინეთი და გაერთიანებული საამიროები", - აცხადებს სოფო ჯღარკავა.

მანვე აღნიშნა, რომ Kass Land Diamond Resort-მა ივლისის თვე 60%-იანი დატვირთულობით დახურა და სასტუმრო კომპლექსი წინასწარ ჯავშნებს აქტიურად იღებს. 

"აგვისტოდან წლის ბოლომდე სასტუმრო თითქმის დაჯავშნილია და ძირითადად არის MICE ტურიზმისა და ტურისტული ჯგუფების ჯავშნები. ძირითადად წამყვანი ციფრები უცხოეთიდან მოდის და ამ მიმართულებით გამოკვეთილია ისრაელის ბაზარი", - აღნიშნა სოფო ჯღარკავამ.

ცნობისთვის, წალკის კანიონის დაცული ტერიტორია „ბრილიანტის ხიდით“, ებრაულ-ქართული საინვესტიციო ჯგუფის KASS GROUP-ს და სახელმწიფოს თანამშრომლობის შედეგად, რეგიონის სავიზიტო ბარათად იქცა. წალკის კანიონი 2025 წელს ორი მნიშვნელოვანი სიახლით - ატრაქციონების უზარმაზარი პარკითა და სასტუმრო კომპლექსით შეხვდა. 

ზოგადად, KASS LAND რეზორტი მოიცავს: ვიზიტორთა ცენტრს, კანიონში ჩასასვლელს თანმდევი ბილიკებით, რომელსაც ულამაზეს კასკადურ ჩანჩქერებამდე ჩაჰყავხართ, უნიკალურ შუშის ხიდს, შუაში დაკიდებული ბრილიანტის ფორმის ბარით, „ბაიკ ზიპლაინს“ და გიგანტურ საქანელას, ღია „გარდენსსა“ და დახურულ „დაიმონდ“ რესტორანს, ახლად გახსნილ 55-ნომრიან სასტუმროს, 3 „პენტჰაუზით“ და კანიონის პანორამული ხედით, სასტუმროს ტიპის 62 „ვილა ჰაუსს“. რაც შეეხება ატრაქციონების პარკს - ეს მოიცავს 30 მეტრზე მოწყობილ წყლის ატრაქციას, გიგანტურ სასრიალო ცისარტყელას, თოკების ლაბირინთს, აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე გრძელ ტრასაზე მოწყობილ "კარტინგს" უფროსებისთვის და ბავშვებისთვის.

KASS GROUP საქართველოში ტურიზმისა და ეკოტურიზმის მიმართულებით მსხვილ ინვესტიციებს 2016 წლიდან ახორციელებს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია წალკის კანიონის (ყოფილი დაშბაშის კანიონი) ტურისტული განვითარება, რომელიც უნიკალური გეოლოგიური და ეკოლოგიური ზონა და დაცული ტერიტორიაა. საინვესტიციო პროექტის ფარგლებში შეიქმნა თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელმაც რეგიონის პოპულარობა და შესაბამისად, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად განაპირობა. კანიონს დღემდე 250 000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია. წლიური ზრდის მაჩვენებელი კი 20-25%-ს აღწევს. ობიექტი ყოველდღიურად დაახლოებით, 1000 ტურისტს მასპინძლობს. 2016 წლიდან დღემდე, KASS ჯგუფის ინვესტიციამ საქართველოში 200 მილიონ ლარს გადააჭარბა.

გამოგვყევით