ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ექსპორტის განვითარებაში სხვადასხვა ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების არსებობაა, - ამის შესახებ საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ სიჭინავამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საქართველო ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების მიმართულებით.
"ექსპორტს მნიშვნელოვანი როლი აქვს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და შესაბამისად, ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურ ყურადღებას უთმობს ექსპორტის განვითარებას და მის ხელშეწყობას. ჩვენ გვაქვს როგორც მრავალმხრივი, ისე ორმხრივი ხელშეკრულებები ქვეყნებთან, რომ ჩვენმა ბიზნესოპერატორებმა თავისუფლად შეძლონ ბაზრებზე გასვლა.
მხარეები ვთანხმდებით როგორი უნდა იყოს წარმოშობის სერტიფიკატი, რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, რომ მეორე მხარემ ამ დოკუმენტის საფუძველზე მოახდინოს გარკვეული პრეფერენციების განხორციელება, ანუ შეღავათიან რეჟიმში მოაქციოს ჩვენს ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია. წარმოშობის სერტიფიკატი არის ერთდგვარი შეთანხმებული დოკუმენტი, რომელსაც საქართველოში შემოსავლების სამსახური და სავაჭრო სამრეწველო პალატა გასცემს.
არსებობს სხვადასხვა სახის წარმოშობის სერტიფიკატი. ძირითადად არის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი და არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი. ჩვენ შევქმენით ელექტრონული პლატფორმა, სადაც მომხმარებელს თავისი ელექტრონული გვერდიდან შეუძლია ატვირთოს განაცხადი და თვითონვე შეავსოს წარმოშობის სერტიფიკატის ფორმა", - აცხადებს ზურაბ სიჭინავა.