ენერგეტიკული ბირჟის სრული გახსნა 2 წლით გადავადდა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებაშია ნათქვამი.
„2027 წლის 1-ელ ივლისამდე:
- საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ უნდა განხორციელდეს:
- საბალანსო ბაზრის პლატფორმის ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა;
- დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, საბალანსო მომსახურების მომწოდებელი პირების რეგისტრაციის სისტემის ფორმირება და სათანადო რეესტრის ჩამოყალიბება;
- აღრიცხვის ერთიანი ბაზის წარმოების, მონაცემთა ბაზის მართვისა და საბითუმო ბაზარზე ანგარიშსწორებისათვის საჭირო ღონისძიებების მომზადება;
- სს – ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) მიერ განხორციელდეს საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზებისათვის საჭირო ინსტრუმენტების ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებსა და ბაზრის ოპერატორებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა.“
2027 წლის 1 ივლისიდან საბალანსო ბაზრის ოპერატორის მიერ უნდა განხორციელდეს:
- საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირება;
- საბალანსო ბაზარზე საბალანსო ენერგიისა და საბალანსო რეზერვების დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი პირისგან შესყიდვა;
- საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრისათვის ფინანსური ანგარიშსწორების ფუნქციის უზრუნველყოფა;
- დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, დაბალანსების მომსახურების გამწევი პირების რეესტრის მართვა;
- გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ − დაბალანსებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება, აღრიცხვის ერთიანი ბაზის წარმოება და განხორციელება, კომისიის სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
- ესკოს, როგორც საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის, მიერ საბითუმო საჯარო მომსახურების გაწევა", - ნათქვამია დადგენილებაში.
ცნობისთვის, ენერგეტიკულ ბირჟის სრულად გახსნა 2025 წლის 1 ივლისიდან იგეგმებოდა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 1 ივლისს საქართველოში ამოქმედდა ენერგეტიკული ბირჟა, კერძოდ, ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრები. შესაბამისად, ამ ეტაპზე საქართველოში მოქმედებს ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი, რომელიც ინარჩუნებს საბითუმო ბაზრის არსებულ სტრუქტურას, თუმცა დამატებულია ენერგეტიკული ბირჟის სეგმენტი"