logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

Starring Georgia-ს ეფექტი ადგილობრივ ეკონომიკაში

Starring Georgia-ს ეფექტი ადგილობრივ ეკონომიკაში

1751013360

მაისის მიწურულს, სანამ საზაფხულო სეზონი ოფიციალურად დაიწყებოდა, ერთმა დღემ პატარა შავიზღვისპირა ქალაქის რიტმი შეცვალა. შეკვეთილში, სპეციალურად მოწყობილ საფესტივალო სივრცეში ლეგენდარული Guns N’ Roses გამოჩნდა, რაც არამხოლოდ მუსიკალური, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც გამორჩეული მოვლენა იყო.

აქ ათობით ათასი მაყურებელი მხოლოდ მუსიკის მოსასმენად არ შეკრებილა. ისინი დარჩნენ ღამით ადგილობრივ სასტუმროებში; მიაკითხეს კვების ობიექტებს; ისარგებლეს იმ ტაქსის სერვისით, რომელიც იქ სხვა დღეებში მიუწვდომელია და შეიძინეს სხვადასხვა ადგილობრივი მომსახურება... სწორედ ასე დაიწყო გურიაში ეკონომიკური სეზონი მაშინ, როდესაც სხვა რეგიონებში სეზონისთვის მხოლოდ ემზადებიან...

ეს შემთხვევითი არ ყოფილა. ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი და ჩამოყალიბებული სტრატეგიის ნაწილი იყო, რომელსაც „Starring Georgia“ ჰქვია — სახელმწიფო კამპანია რომელიც უკვე მესამე წელია ცდილობს, საქართველოს რეგიონებში მუსიკის, კულტურისა და ტურიზმის მეშვეობით, შექმნას არა მხოლოდ ღონისძიებები, არამედ ეკონომიკური აქტივობა. როგორც პროექტის მენეჯერი ციცი იაშვილი განმარტავს, ბოლო წლებში გურიაში სასტუმროების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, რადგან ღონისძიებების რაოდენობამ და სეზონის ხანგრძლივობამაც მოიმატა:

„ადრე სეზონი, დაახლოებით, 1 თვეს გრძელდებოდა, დღეს კი, კონცერტები უკვე მაისიდან იწყება. შესაბამისად, ბიზნესების გააქტიურება, რომლებიც კვებას, ტრანსპორტირებასა და ტურიზმს უკავშირდება, ადგილობრივი ეკონომიკას მნიშვნელოვან ბიძგს აძლევს. გურია თანდათან ხდება მიზიდულობის ცენტრი, რაც აისახა კიდეც წლევანდელი კამპანიის სლოგანში — „გურია მთავარ როლში,“ — ამბობს ციცი იაშვილი.

კამპანიის ფარგლებში, მხარდაჭერა ადგილობრივ მეწარმეებსაც შეეხოთ — ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დახმარებით, ჩატარდა სპეციალური გადასამზადებელი ტრენინგები, რათა ადგილობრივებს უკეთ შეეძლოთ საკუთარი სერვისების წარმოჩენა. საინტერესოა, რომ უკვე გამოჩნდნენ ახალი სტარტაპები, რომლებიც საკუთარი იდეების რეალიზებას სწორედ „Starring Georgia-სა“ და მუსიკალურ სეზონს უკავშირებენ.

პარალელურად,  უძრავი ქონების ფასები შეკვეთილში ზრდას განაგრძობს, რაც კონცერტების მიღმა არსებული ინფრასტრუქტურული პროექტებითაც არის განპირობებული. მაგალითად, განახლდა მუსიკოსთა პარკი და გაჩნდა სოციალური სივრცე — სრულიად ახალი კონცეფციის ადგილი, რომელიც უკვე კულტურული ცხოვრების ცენტრად ყალიბდება. ამას ემატება მინიატურების პარკი და საქართველოში ყველაზე ჯადოსნური ატრაქციონების პარკი ციცინათელა.

განსაკუთრებული ყურადღება წელს ციცინათელას პარკის განახლებას დაეთმო. პარკი 28 ივნისს ხელახლა გაიხსნება და დამსვენებლებს გაუმჯობესებულ ატრაქციონებთან ერთად, სრულიად ახალ, ზღაპრულ გამოცდილებას შესთავაზებს.

„ახლა აქ მოსულებს ბევრად უფრო მდიდარი გამოცდილება დახვდებათ. ბავშვებს მხოლოდ გასართობი ატრაქციონები კი არა, ახალი სივრცეები, თემატური გარემო და დაუვიწყარი თავგადასავლები ელით. მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ ციცინათელას ექნება საკუთარი კვების ობიექტები და ცალკე მდგომი უალკოჰოლო ბარი. პარკში ქცევის წესებიც შეცვლილია — მაგალითად, მოწევა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ზონებში; ძაღლებს, რომლებიც 7 კილოგრამზე მეტს იწონიან, უნდა ეკეთოთ ალიკაპი; პარკში არ დაიშვებიან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები; გარკვეული ატრაქციონები არ იქნება რეკომენდებული ორსულებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. ამასთან, თითო ატრაქციონთან განთავსდება აბრა, სადაც მითითებული იქნება ყველა მნიშვნელოვანი გაფრთხილება. აუცილებელია, წინასწარ გავეცნოთ და დავიცვათ პარკით სარგებლობის წესები, რათა ყველასათვის უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო შევქმნათ.

მიხარია, რომ პარკის განახლების პროცესში ადგილობრივები მაქსიმალურად ჩავრთეთ — გამოჩნდნენ საოცრად ნიჭიერი ადამიანები, რომლებმაც ციცინათელა საკუთარი ხელით მოხატეს და უნიკალური გარემო შექმნეს. მათგან ზოგს ახალი ინტერესები გაუჩნდა, ზოგმაც საკუთარი პროფესიული უნარების განვითარება შეძლო,“ — გვიყვება ციცი იაშვილი.

რაც შეეხება კონკრეტულ სამუშაოებს, პარკში სრულად განახლდა და შეიღება გარე და შიდა ფასადები; განახლდა შემოსასვლელები და სალაროები; შეიცვალა ატრაქციონების დეტალები, სრული რესტავრაცია ჩაუტარდა რამდენიმე ატრაქციონს, შეიღება ატრაქციონების ჯებირები; განახლდა და ტენტით დაიხურა მოსაცდელი ზონები; განახლდა ატრაქციონების ოპერატორების ჯიხურები; სრულად აღდგა დინოზავრების პარკი; ახალი კონცეფციით, სრულად განახლდა კვების ობიექტები; კარტინგების ზონას დაემატა ახალი ტრიბუნა და ახალი მანქანები; პარკში დაირგო ახალი მცენარეები, რომლებმაც უფრო დიდი და მასშტაბური გამწვანება შექმნეს; გამწვანების ნაწილის გარშემო, ჯამში, 2 ათასი მეტრის სიგრძეზე მოეწყო სპეციალური დეკორატიული მოაჯირები; რესტავრაცია ჩაუტარდა სკამებს; განახლდა ლამპიონები; აშენდა ახალი, კეთილმოწყობილი მოსაწევი ზონები; განახლდა ნაგვის ურნები; დასუფთავდა და განახლდა სველი წერტილები და გამკაცრდა პარკის უსაფრთხოების ზომები.

აღსანიშნავია, რომ ციცინათელას ახალი გუნდის ფორმირების პროცესიც ადგილობრივ კადრებს დაეყრდნო. ეს ნაბიჯი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობს „Starring Georgia“ რეგიონში გრძელვადიანი სარგებლის შექმნას. პარალელურად, მათ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან თანამშრომლობაც დაიწყეს, რაც მიზნად ისახავს „Starring Georgia-ს“ პროექტებში იმ ადამიანების მაქსიმალურ ჩართულობას, რომლებიც შესაბამის სამსახურს ეძებენ. აქცენტი, რასაკვირველია, კვლავ ადგილობრივებზე კეთდება.

რაც შეეხება საერთო შედეგებს — პროექტის ფარგლებში, გასული 2 წლის განმავლობაში გაიყიდა 125 ათასზე მეტი ბილეთი და საქართველოში ჩამოვიდა 18 000-ზე მეტი უცხოელი ტურისტი. თუმცა, მხოლოდ 2025 წელს, ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტმა ეს მონაცემები უკვე გააუმჯობესა — ბილეთები 18 000-ზე მეტმა უცხოელმა შეიძინა.

გარდა კონცერტებისა, წარმატებით ამუშავდა ციფრული ბარათის სისტემა — Starring Card, რომელიც ლოიალურ მომხმარებლებს დამატებით სერვისებსა და ფასდაკლებებს სთავაზობს. ამჟამად სისტემაში უკვე 43 000 ბარათია რეგისტრირებული, ხოლო ამ ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების ჯამური ბრუნვა 100 მილიონ ლარს აღემატება.

„ჩვენთვის „Starring Georgia“  არ არის მხოლოდ მუსიკალური პროექტი. ეს არის პროექტი, რომელიც საზოგადოებას, კულტურასა და ეკონომიკას აერთიანებს,“ — აღნიშნავს ციცი იაშვილი.

გამოგვყევით