გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2024 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 28 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 243.4 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 5.1%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე (231.5 კუბური მეტრი).
"საქსტატის" მონაცემების თანახმად, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული იყო 2.79 მილიონი ადამიანი (მთლიანი მოსახლეობის 75.4%), რაც 1.5 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (2.75 მილიონი ადამიანი).
2024 წელს წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ 2.00 მილიონი შეადგინა (მთლიანი მოსახლეობის 54.1%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1.98 მილიონი) აღემატება 1.0%-ით. 2024 წელს ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ შეადგინა 1.58 მილიონი (მთლიანი მოსახლეობის 42.7%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1.52 მილიონი) აღემატება 3.9%-ით.