ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის, ავთანდილ კასრაძის ინფორმაციით, საქართველოში ადრეული ეტაპის სტარტაპების დონე, მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური ჰაბებისგან არაფრით განსხვავდება. ამის შესახებ ავთანდილ კასრაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა.
როგორც ავთანდილ კასრაძე აღნიშნავს, ქართულ სტარტაპებში კონკურენცია ძალიან დიდია.
"ურთულესი კონკურენციაა, რადგან მთელს მსოფლიოში ყველა ტალანტი ცდილობს - ინოვაციური სტარტაპი გააკეთოს. რაც შეეხება შპს "პულსარის" მსგავს წარმატებებს - კიდევ უფრო დიდი წარმატებები გვექნება! ვიცით, რამდენიმე ძლიერი სტარტაპი, რომელსაც შემოთავაზება აქვს, დაახლოებით იმავე ფინანსური გარიგების ნაწილში, როგორიც შპს "პულსარი" იყო, უბრალოდ, მათი სტრატეგია ჯერ კომპანიის გაყიდვა არ არის. კერძოდ, ბაზარზე ყოფნის ამბიცია აქვთ, პროდუქტის თავად გაყიდვის.
სტარტაპების ხარისხს, რაც შეეხება - ახლა მიმდინარე საგრანტო კონკურსი გვაქვს, სადაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ხარისხის განაცხადები მივიღეთ. საქართველოში კონკურენცია წარმოუდგენლად გაზრდილია! სწორედ ეს უზრუნველყოფს, რეალურად კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში ადრეული ეტაპის სტარტაპების დონე, თუნდაც სან-ფრანცისკოსგან არაფრით არ განსხვავდება. თემა ისაა, რომ შემდგომი განვითარებისთვის უფრო მეტი კაპიტალი სჭირდებათ. ქვეყანაში მეტი კაპიტალი, რომ იყოს უზრუნველყოფილი, ამხელა რეფორმები სწორედ ამიტომ გვაქვს.
განსაკუთრებით 0% საგადასახადო რეჟიმი მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, მთავრობა ინოვაციებსა და ტექნოლოგიების სააგენტოში, სტარტაპებში ყოველწლიურად მილიონობით ლარს დებს. გარდა ამისა, მთავრობამ თქვა, რომ პირველი 3 წელი უკან ფულიც არ მინდა, გადასახადებსაც არ გადაიხდით... მინდა გითხრათ, რომ ინვესტიციამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა, ჩვენ წლის ბოლომდე - 700 მილიონამდე ზრდას ველოდებით. დღეს სტარტაპს ინვესტორს თამამად შეუძლია უთხრას: ინვესტიცია ქართულ კომპანიაში ჩამიდე, რადგან ძალიან დიდი საგადასახადო შეღავათი მაქვს. ეს ფული კი, საქართველოს მოქალაქისკენ გავა", - აღნიშნავს ავთანდილ კასრაძე.