გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ელენე ღუბიანურმა, ქალაქ ჰელსინკში, ფინეთის მთავრობის მხარდაჭერით და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ინიციატივით გამართულ შეხვედრაში - „ადრეული გაფრთხილების სისტემები სამხრეთ კავკასიის რეგიონში“ (South Caucasus Early Warning For All Event) მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრის მონაწილეებმა ადრეული გაფრთხილების მიმართულებით ეროვნული მიღწევები, ჰიდროლოგიის კუთხით რეგიონული და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის საკითხები, ასევე, მეტეოროლოგიური მონაცემების გაცვლის პრაქტიკული მექანიზმები, თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობა და არსებული გამოწვევები განიხილეს.
სამუშაო შეხვედრას სომხეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რესპუბლიკების შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მხარეებმა ადრეული გაფრთხილების მიმართულებით რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობების გაძლიერებასა და მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
აღსანიშნავია, რომ ფინეთის რესპუბლიკისა და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მხარდაჭერით, 2023 წელს, ჟენევაში, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურების წარმომადგენლებს შორის პირველი ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემების (MHEWS) განვითარების შესაძლებლობებისა და გამოწვევების, მათ შორის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიისათვის „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული საკონსულტაციო სისტემის“ (CASC-MHEWS) შექმნა განიხილეს.
ფინეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით, სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფინეთის რესპუბლიკასა და შვედეთის სამეფოში ირაკლი ხუცურაული ესწრებოდა.