დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს სხვადასხვა ვარიანტს ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებში დასაბრუნებლად, მათ შორის ფინანსურ დახმარებას სამოქალაქო ბირთვული პროგრამის განვითარებისთვის, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების თქმით, აშშ-ისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები ბოლო ორი კვირის განმავლობაში საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ირანელებთან, მიუხედავად ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო ესკალაციისა. ტრამპის ადმინისტრაციის ანონიმურმა წარმომადგენლებმა „სიენენს“ განუცხადეს, რომ რამდენიმე წინადადება იქნა განხილული, თუმცა ყველა მათგანი ითვალისწინებს ირანის მიერ ურანის გამდიდრების სრულ შეწყვეტას.
ამასთან, ერთ-ერთი წინასწარი პროექტი, რომლის შესახებაც CNN-ს წყაროებმა მიაწოდეს ინფორმაცია, შეიცავს რამდენიმე წინადადებას თეირანისთვის. ასეთ წინადადებებს შორისაა 20-30 მილიარდი დოლარის ინვესტიციები ირანის ახალ ბირთვულ პროგრამაში, რომელიც არ ითვალისწინებს ურანის გამდიდრებას და სამოქალაქო ენერგეტიკული მიზნებისთვის იქნება გამოყენებული. სხვა წინადადებები მოიცავს ირანის წინააღმდეგ ზოგიერთი სანქციის პოტენციურ გაუქმებას და ექვსი მილიარდი დოლარის ხელმისაწვდომობას უცხოურ ანგარიშებზე, რომლებიც აშშ-ის სანქციების გამო გაყინულია.
წყაროები განმარტავენ, რომ ჯერ უცნობია, რა საბოლოო პირობებს შესთავაზებენ ირანს მოლაპარაკებების მაგიდასთან.
1tv.ge