ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს მოლოდინი აქვს, რომ მომდევნო წელს პოლიტიკური ლანდშაფტი შეიცვლება და საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან, გაუმჯობესდება.
„დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ჩვენ გვექნება ღია, გულწრფელი დიალოგი, ინფორმაციის გაცვლა, რაც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენ გადავტვირთოთ ჩვენი ურთიერთობები და თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ ხარისხზე ავიყვანოთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობა. ეს იქნება ალბათ მნიშვნელოვანი გზავნილი, მათ შორის სხვა ქვეყნებისთვისაც და ზოგადად საერთაშორისო ასპარესზე ქვეყნის რეპუტაციის გაუმჯობესება მოხდება. ასევე მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება საინვესტიციო საზოგადოებისთვის და რა თქმა უნდა დადებით პროცესებს ველოდებით ეკონომიკაში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ნეგატიურად მოქმედებს ეკონომიკაზე და შესაბამისად, მნიშვნელოვანია დიალოგი, მათ შორის ბიზნესთან.
„მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოხდეს პროცესების დეესკალაცია. ჩვენ გვინდა, რომ დასტაბილურდეს პროცესები, იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების ნორმალურ რითმს. ამის ერთადერთი გამოსავალია დიალოგი , მეტი კომუნიკაცია, პოლარიზაციის შემცირება. თუმცა, სამწუხაროდ ვხედავთ, რომ პოლარიზაცია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული. ჩვენი ხელისუფლება მკაფიოდ აცხადებს, რომ ჩვენი ამოცანაა ევროინტეგრაცია, ჩვენი პოლიტიკური კურსია დასავლეთისკენ. ამასვე ითხოვს საზოგადოების გარკვეული ჯგუფები, რომელიც დღეს მონაწილეობს პროტესტში. როდესაც ფუნდამენტურ
საკითხზე ჩვენ არ გვაქვს პრინციპული განსხვავება, შეგვიძლია, დიალოგის რეჟიმში მეტად მოვახდინოთ საზოგადოების კონსოლიდაცია. აქ განსხვავებაა გზაზე, მეთოდზე, თუ როგორ ვაღწევთ ამ შედეგს და ვფიქრობ, დიალოგის რეჟიმში შეიძლება საზოგადოებას უფრო მეტად ავუხსნათ, დავარწმუნოთ ჩვენი გზის სისწორეში. ჩვენ გვინდა მეტი შედეგი ამ გზაზე, მათ შორის ეს უნდა იყოს საერთაშორისო აღიარების კუთხით, მხარდაჭერის კუთხით , რადგან საერთაშორისო მხარდაჭერა საზოგადოებას უფრო მეტად გაამხნევებს და მისცემს იმის იმედს, რომ ჩვენი გზა არის წარმატებისკენ მიმავალი. ეს რა თქმა უნდა მოხდება და მოხდება ეფექტიანი დიპლომატიით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან. 2025 წელს პოლიტიკური ლანდშაფტი მნიშვნელოვნად შეიცვლება. ჩემი მოლოდინია, რომ საზოგადოებასთან დიალოგის პარალელურად ვაჩვენებთ, რომ საერთაშორისო ასპარესზე გვექნება მნიშვნელოვანი აღიარება, მხარდაჭერა.
ყველაზე მეტად ალბათ ჩვენს საზოგადოებას, განსაკუთრებით ბიზნესს აწუხებს პოტენციური იზოლაცია, რა თქმა უნდა ამასაც გაეცემა პასუხი, რომ ქვეყანას არ ექნება იზოლაციის რისკი, პირიქით, საქართველო შეძლებს აქტიურად ითანამშრომლოს სტრატეგიულ პარტნიორებთან, აღდგეს და კიდევ უფრო გაუმჯობესდეს პარტნიორობის რეჟიმი, მათ შორის და პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამ მოლოდინებზე დაფუძნებით გეტყვით, რომ ის პროცესები, რაც დღეს ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, ბიზნესზე, შეიცვლება“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.