ადრე თუ გვიან, დღის და ღამის განმავლობაში, ელექტროენერგიის განსხვავებული ტარიფები გვექნება, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, დღე და ღამის განსხვავებული ტარიფების აღრიცხვა რეალურად მხოლოდ ჭკვიანი მრიცხველის მეშვეობით არის შესაძლებელი.
"ენერგეტიკაში ჭკვიანი აღრიცხვა არ არის ცალკე, განყენებული მიმართულება. ეს არის დიდი ბაზრის მოდელის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი. მაგალითად, ელექტრო ენერგეტიკაში ჭკვიან მრიცხველს რამდენიმე ძალიან საინტერესო მიმართულება აქვს. მათ შორის, ამით ჩვენ შეგვიძლია დისტანციურად ვაკონტროლოთ რამდენია ამათუ იმ მომხმარებლის კონკრეტულ დროში მოხმარება და ზოგადად ქსელში როგორი დატვირთვები გვაქვს. გარდა ამისა, ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ხარჯების ოპტიმიზაცია. მაგალითად, დღეს ჩვენ კორპუსის მცხოვრებლების მრიცხველების შესამოწმებლად ადგილზე უნდა გავუშვათ წამკითხველი, რომელმაც მონაცემები უნდა აღრიცხოს და შემდეგ შესაბამის ბაზაში შეიტანოს, თუმცა თუ რომელიმე მომხმარებელმა თანხა არ გადაიხადა, უკან უნდა დაბრუნდეს, ელექტროენერგია გათიშოს და ჩარიცხვის შემდეგ ისევ მივიდეს და ჩართოს. აღნიშნული პროცესი ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. სად ეს მოდელი და სად ის, რომ ყველაფერი ავტომატურად, ადგილზე მიუსვლელად და დისტანციურად მოხდება.
მაგალითად, თუ 24 საათის განმავლობაში თქვენ მოიხმარეთ 27 კვ.სთ ელექტროენერგია - ჩვენ შეგვეძლება აღნიშნულ მონაცემებს სხვადასხვა ტარიფები მივუყენოთ. ეს არის გადატვირთვების მართვის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი. ევროპის სხვადასხვა ქვეყანა მოქალაქეებს ამით ახალისებს, რომ მაგალითად, სარეცხის მანქანა ღამე ჩართონ, რადგან ელექტროენერგია ღამე უფრო იაფია. მომავალში ეს მექანიზმები ჩვენც აუცილებლად გვექნება", - აცხადებს გიორგი ფანგანი.