ზამთრის დღესასწაულების სეზონზე, მომხმარებელთა ნაწილი შესაძლოა ფიქრობდეს, რომ ახლა საუკეთესო დროა საყიდლებისთვის, რადგან შესაძლოა ნივთები მალე გაცილებით გაძვირდეს. ამის შესახებ სტატიას CNN აქვეყნებს.
გამოცემის მიხედვით, ამას რამდენი მიზეზი აქვს: მხოლოდ რამდენიმე თვე დარჩა, სანამ დონალდ ტრამპი ხელახლა შევა თეთრ სახლში, სადაც მან უკვე დააანონსა იმპორტზე მკაცრი ტარიფების დაწესება. მიუხედავად იმისა, რომ მისი გეგმების დეტალები ჯერ უცნობია, ერთი რამ ცხადია: ტარიფები გაიზრდება, რაც ბუნებრივია ფასების ზრდასაც ნიშნავს. ტრამპის თქმით, ის აპირებს მექსიკასა და კანადიდან იმპორტზე 25%-იან ტარიფის დაწესებას, ასევე დამატებით 10%-იან ტარიფს ჩინური იმპორტისთვის, მისი პრეზიდენტობის პირველივე დღიდან.
საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 60%-იანი, ხოლო სხვა ქვეყნებიდან იმპორტზე 10%-20%-იანი ტარიფები დააანონსა.
რას ნიშნავს ეს მომხმარებლისთვის?
ტრამპის მიერ გამოცხადებული გეგმები შეიძლება მოლაპარაკების სტრატეგია იყოს და არა კონკრეტული გეგმა. მაგრამ თუ ტარიფები ძალაში შევა, ჯერ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ისინი და იქნება თუ არა გამონაკლისი. თუმცა, ერთი რამ მაინც ცხადია, ახალი ტარიფები თითქმის ყველა პროდუქტის ფასს გაზრდის, გარდა იმისა, რაც მთლიანად აშშ-ში იწარმოება — თუმცა ეს დღესდღეობით საკმაოდ იშვიათია.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გამოცემა გვირჩევს, რომ ახლა საყიდლების სიის წინასწარ დაგეგმვა ცუდი იდეა არ იქნება.
რისი ყიდვა ღირს ახლა?
1. სმარტფონები, მათ შორის iPhone-ები - სმარტფონები დღესასწაულის პოპულარული საჩუქარია. თუმცა, ტარიფების შემდეგ მათი ფასი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს. კერძოდ, ჩინეთიდან იმპორტზე 60%-იანი და საერთო იმპორტზე 10%-იანი ტარიფების შედეგად, ახალი სმარტფონის ფასი 26%-ით, ანუ დაახლოებით 213 დოლარით გაიზრდება.
2.სამზარეულოს ტექნიკა და საოჯახო ნივთები - ტარიფების გამო, საშუალო საოჯახო ტექნიკის ფასი 19.4%-ით გაიზრდება. მაგალითად, 40-დოლარიანი ტოსტერი შეიძლება 48 დოლარი გახდეს.
3.ვიდეო თამაშების კონსოლები და აქსესუარები - კონსოლების ფასი შესაძლოა 40%-ით გაიზარდოს, რაც მათ საშუალო ფასს 246 დოლარით გაზრდის.
4.ლეპტოპები და ტაბლეტები - ტარიფების შედეგად, ლეპტოპები შესაძლოა 45%-ით გაძვირდეს, რაც საშუალოდ 357 დოლარის ზრდას ნიშნავს.
5. ფეხსაცმელი - ახალი ტარიფების გამო, ფეხსაცმლის ფასი 18%-ით გაიზრდება.
6.სათამაშოები - თუ ბავშვებისთვის სათამაშოებს ყიდულობთ, გაითვალისწინეთ, რომ ტარიფების შედეგად, მათი ფასი 36%-ით გაიზრდება.