logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

ავტომობილების მენეჯმენტის სისტემა "ქარსფეარი" ბაზარზე 2 თვეში გამოჩნდება

ამჟამად სატესტო რეჟიმში ვმუშაობთ ერთ-ერთ კომპანიასთან, ხოლო სრული დატვირთვით 2 თვეში გამოვჩნდებით ბაზარზე, - ამის შესახებ ავტომობილების მენეჯმენტის სისტემის "ქარსფეარის" დამფუძნებელმა გიორგი გოგიტიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე თქმით, სტარტაპის სამიზნე აუდიტორია მსხვილი კომპანიები იქნება და ადგილობრივი ბაზრის პარალელურად უცხოური ბაზრების ათვისებაზე იმუშავებენ.

"ქარსფეარი" არის მანქანების მენეჯმენტის პროგრამა. საწყის ეტაპზე მფლობელს შეუძლია თავად ატვირთოს მანქანის მონაცემები პროგრამაში, ან გადმოგვიგზავნოს და ჩვენ ავუტვირთოთ. კონფიდენციალურობა სრულად დაცული იქნება და ბაზის კონტროლი თავად მომხმარებლებს შეეძლებათ. დღეს საქართველოში უშუალოდ მანქანის სერვისებზე მორგებული მსგავსი პროგრამის ანალოგი არ არსებობს. ერთ-ერთი სერვისი იქნება მაგალითად, როდის უნდა შეიცვალოს ბორბალი, ზეთი და ა.შ. ანუ პროგრამა მანქანის მფლობელს ყველა საჭიროებას ახსენებს. გარდა ამისა, პროგრამაში ჩატვირთულია ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მანქანის მფლობელს კონკრეტულ დეტალზე ყურადღებისკენ მიუთითებს. 

ამჟამად სატესტო რეჟიმში ვმუშაობთ ერთ-ერთ კომპანიასთან, ხოლო სრული დატვირთვით 2 თვეში გამოვჩნდებით ბაზარზე. ძირითადად კომპანიებთან ვიმუშავებთ, თუმცა ვფიქრობთ, რომ იმ ფიზიკური პირებისთვის, რომლებსაც 2 ან მეტი ავტომანქანა ჰყავთ, ჩვენი სერვისი მათთვისაც საინტერესო იქნება. პროდუქტის დანერგვას ადგილობრივ ბაზართან ერთად, მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის, უზბეკეთსა და სომხეთში ვგეგმავთ. უცხოურ ბაზარზე, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს გავალთ.

რაც შეეხება სერვისის ღირებულებას - ეს დამოკიდებულია ავტომანქანების რაოდენობაზე და გაწეულ მომსახურებაზე", - აცხადებს გიორგი გოგიტიძე. 

ცნობისთვის, სტარტაპი GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულია.

გამოგვყევით