logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ალდაგი" სასტუმრო "სანსეტ შოვის" განცხადებას ეხმაურება

სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" სასტუმრო "სანსეტ შოვის" მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით სადაზღვევო კომპანია სტიქიით დაზარალებულ სასტუმროს ანაზღაურებას არ უხდის. 

როგორც "ალდაგის" მიერ "ბიზნესპარტნიორისთვის" გამოგზავნილ ინფორმაციაში ვკითხულობთ, დადგენილია ზიანის შესაბამისი ოდენობა 1.5-ზე  მეტი მილიონი ლარი, რომელიც სადაზღვევო კომპანიის მხრიდან შეთავაზებულია ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, თუმცა სასტუმრო უარს აცხადებს ამ ანაზღაურების მიღებაზე.

გარდა ამისა, "ალდაგის" ინფორმაციით, "სანსეტ შოვს" დაზღვეული ჰქონდა შენობა-ნაგებობები, კოტეჯები და ინვენტარი, თუმცა პოლისი ბიზნესის შეფერხების რისკებს არ ფარავდა. 

"ბიზნესპარტნიორი" სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"სანსეტ შოვს" "ალდაგში" დაზღვეული ჰქონდა შენობა-ნაგებობები და მათში არსებული ინვენტარი რამდენიმე რისკისგან, მათ შორის მეწყერისგან. ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა, დაზიანებული შენობა-ნაგებობების მდგომარეობის შესაფასებლად და აღდგენითი ღირებულების განსასაზღვრად. დადგენილია ზიანის შესაბამისი ოდენობა 1.5 მეტი მილიონი ლარი, რომელიც შეთავაზებულია ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, თუმცა კომპანია უარს აცხადებს ამ ანაზღაურების მიღებაზე. კომპანიას შევახსენებთ, რომ "ალდაგში" დაზღვეული იყო "სანსეტ შოვის" კუთვნილი ქონება: შენობა-ნაგებობები, კოტეჯები და ინვენტარი, რომელთა აღდგენის სრული თანხა არის შეთავაზებული "ალდაგის" მიერ. პოლისი არ ფარავდა ბიზნესის შეფერხების რისკებს, რომელიც გამოწვეული იქნებოდა გეოლოგიური, საკანონმდებლო, პოლიტიკური თუ სხვა გარემოებების გამო. ასეთი დაზღვევის შეძენის შესაძლებლობა აქვს ყველა ბიზნესს, რომელიც იღებს დაზღვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას", - აცხადებენ კომპანიაში.

ცნობისთვის, სასტუმრო „სანსეტ შოვმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის. 

სასტუმროს ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანიისაგან მათ კონკრეტული შემოთავაზება მიიღეს, რომელიც არ არის რეალურად დამდგარ ზიანთან ადეკვატური.  “სანსეტ შოვი”  მოლაპარაკების მიუღწევლობის შემთხვევაში სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს.

გამოგვყევით