ჭიათურაში წარმოებული ღვინის საექსპორტო გეგმები აშშ-ში დაპაუზდა. როგორც ღვინის მწარმოებელი კომპანია „სოლომონეს“ დამფუძნებელი დავით ჩაჩანიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, "სოლომონე" ევროპის ბაზარზე რჩება.
მისივე ინფორმაციით, კომპანიის პროდუქცია ამ ეტაპზე, ჩეხეთში, გერმანიასა და ლატვიაში იყიდება.
"ველოდები, უნდა წაეღოთ ღვინო აშშ-ში, თუმცა ეს მიმართულება არ გამოვიდა. ჩემი მხრიდან არანაირი შეფერხება არ ყოფილა, აღნიშნული საკითხი მათ დააპაუზეს. სავარაუდოდ, აშშ-ში ქართული ღვინის ჭარბი მიწოდებაა და ამ ეტაპზე, თავს იკავებენ.
წინა წლებში, ჩვენი გაყიდვების 60% ექსპორტზე მოიდოდა, ხოლო ახლა ტენდენცია შეიცვალა და 60% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ხოლო 40% ექსპორტზე გადის", - აცხადებს დავით ჩაჩანიძე.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, "სოლომონეს" ღვინო საქართველოს მასშტაბით, 40-მდე ლოკაციაზე იყიდება. მათ შორის, ღვინის მაღაზიებში, რესტორნებსა და სასტუმროებში. დავით ჩაჩანიძის თქმით, მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე სტაბილურია.
ცნობისთვის, "სოლომონე" ჯამში 5 დასახელების ღვინოს აწარმოებს. 2023 წლის მდგომარეობით, წარმოებამ 20 ათასი ბოთლი შეადგინა. ღვინის კომპანიის მარანი ჭიათურაში, ლეჟუბანში მდებარეობს. ვენახები 3 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული.