ფოტოსესიაზე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა, დაახლოებით, 30%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ფოტო სტუდია LIMA Studio-ს თანადამფუძნებელმა მარიამ გიორგაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მოთხოვნა არის როგორც საბავშვო, ისე საოჯახო და ინდივიდუალურ ფოტოსესიაზე.
"აღსანიშნავია, რომ სტუდიის გახსნიდან პირველი 2 თვე ჩვენი ინვენტარი მხოლოდ 2 სკამი იყო, რითაც 1 თვეში 56 მომხმარებლის მიღება შევძელით. ამის შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ ვვითარდებოდეთ და ახლაც, რა თქმა უნდა, ვცდილობთ კიდევ უფრო მეტად გავიზარდოთ და უკეთესი პროდუქტი შევთავაზოთ მომხმარებლებს. აქედან გამომდინარე, მომხმარებლების მხრიდანაც, რა თქმა უნდა, მოთხოვნა მზარდია.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სტუდია რუსთავში მდებარეობს, თბილისთან შედარებით კონკურენცია დაბალია. ქალაქში მხოლოდ ბავშვებზე გათვლილი რამდენიმე სტუდიაა, ჩვენ კი ფოტოსესიას უფროსებსაც ვთავაზობთ. აქედან გამომდინარე, უკონკურენტოები ვართ რუსთავში, თუმცა აღსანიშნავია, რომ მომხმარებლები გვყავს თბილისიდანაც და საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდანაც", - აცხადებს მარიამ გიორგაშვილი.
რაც შეეხება ახალ წელს - LIMA Studio-ს თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ სტუდიაში საახალწლო ფოტოსესიის მოწყობა უკვე შესაძლებელია. მარიამ გიორგაშვილი აღნიშნულ პერიოდში მომხმარებელთა ზრდას ელოდება.
"ჩვენს სტუდიაში უკვე ზღაპრული საახალწლო გარემოა. ვფიქრობთ, რომ ახალი წლის პერიოდში მოთხოვნა 25%-ით გაიზრდება. რაც შეეხება მოახლოებულ Black Friday-ის - რა თქმა უნდა, გარკვეული ფასდაკლებები გვექნება და ჩვენს მომხმარებლებს, ვფიქრობ, რომ გავახარებთ", - აღნიშნა მან.
LIMA Studio სამომავლოდ გაფართოებასა და განვითარებას გეგმავს - კერძოდ, ახალი დიზაინის სხვადასხვა სივრცის დამატებას.
"ჩვენი სტუდია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდია, თუმცა ამ ეტაპზე ყველა სივრცე არ გვაქვს ათვისებული. შესაბამისად, სამომავლოდ გვინდა, რომ ყველა წერტილი ავითვისოთ და გარდა ამისა, ვეცდებით, ჩვენი სერვისები და მომსახურება უფრო მეტად მოვარგოთ მომხმარებელთა სურვილებსა და მოთხოვნებს", - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, ფოტო სტუდია LIMA Studio, რომელიც რუსთავში მდებარეობს ბაზარზე 2 წლის წინ გამოჩნდა. სტუდიის დამფუძნებლები მარიამ გიორგაშვილი და ლიკა უსუფაშვილი არიან. მომხმარებლებს სტუდიის საათობრივად ქირაობა და ასევე, ფოტოგრაფის მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ. ადგილზე ასევე, შესაძლებელია კაბების, საბავშვო ტანსაცმლის და აქსესუარების ქირაობა. ამასთან, ვიზაჟისტის მომსახურების მიღება.