logo
Loading data...

მეგრული კერძების მწარმოებელი კომპანია "ჰამო-რე" ზუგდიდში საწარმოს გახსნას გეგმავს

მეგრული კერძების მწარმოებელი კომპანია "ჰამო-რე" ზუგდიდში საწარმოს გახსნას გეგმავს

1713362400

ავთენტური მეგრული კერძების მწარმოებელი კომპანია "ჰამო-რე“  წარმოების დაწყებიდან სამი თვის თავზე ბიზნესის გაფართოების გეგმაზე მუშაობას იწყებს.

როგორც "ჰამო-რე“-ს დამფუძნებელი ნოდარ რაფავა "ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მოთხოვნა არნახულად დიდია, რის გამოც სავარაუდოდ მომავალ წელს საწარმოს მშენებლობა ზუგდიდში იგეგმება. ინვესტიციის მოცულობას რაფავა  ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს.

კომპანიამ წარმოება ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში დაიწყო, სადაც ძველი მივიწყებული რეცეპტით კუპატი და კუჭმაჭი მზადდება. ერთი თვის წინ რძის პროდუქტების მიმართულება დაამატა. უახლოეს მომავალში ასორტიმენტს  პომიდვრის წვენი და აჯიკა  დაემატება. 

როგორც ნოდარ რაფავა აღნიშნავს, ‘’ჰამო-რე“ რამდენიმე მეგობრის საერთო ბიზნესია. კომპანია სახლში მიტანის სერვისით მუშაობს და თბილისის არეალს ფარავს. ნედლეული 100%-ით ნატურალურია, რასაც ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს და მომხმარებელს პირდაპირ სამეგრელოდან აწვდის. ყველაზე მაღალი მოთხოვნა ჯერჯერობით კუპატზეა, რომელიც ''ჰამო-რეს"  სავიზიტო კერძად მიიჩნევა.

მეწარმის შეფასებით, კომპანიის პოპულარობაზე განსაკუთრებით იმოქმედა იმან, რომ  მოსახლეობაში ძველი მეგრული რეცეპტით დამზადებული კერძების გარკვეული დეფიციტია. თუმცა, მისივე თქმით, რეცეპტთან ერთად, გავლენა მომსახურების ხარისხმაც განაპირობა. 

''უფასო მიტანის სერვისზე ვმუშაობთ, სოციალურად კარგად შევფუთეთ პროდუქტი, დავიწყეთ კუპატით, რაზეც მოთხოვნა დიდი იყო. ყველი კი, გარდა იმისა, რომ ნატურალურია,  განსხვავებულია, კამეჩი და ძროხის რძის ნაზავია, რაც მას ასევე გამოარჩევს. დამოკიდებულება, რომ ფული არ გაქვს და ვერაფერს იზამ, მცდარი აღმოჩნდა. მინიმალური თანხით დავიწყეთ, მაგრამ დიდი შრომა ჩავდეთ. ამით ვაჩვენეთ, რომ  ''ჰამო-რე" შეიძლება გახდეს პრეცედენტი, რომ ფინანსური რესურსის გარეშე შეიძლება ბიზნესიდეა განახორციელო, აწარმოო კარგი პროდუქცია, გაფართოვდე და გაზარდო ბიზნესი. შესაბამისად, აქტიურად ვმუშაობთ, რომ ჩვენი წარმოება მრავალფეროვანი გახდეს და ასორტიმენტს ეტაპობრივად ვზრდით.  ნიშას, რითაც დავიწყეთ, ბოლომდე შევინარჩუნებთ. ნამდვილ მეგრულ კერძებს ვთავაზობთ მომხმარებელს, რომელიც მასებისთვის აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო. სოფლის კერძს თავისი ხიბლი აქვს, რასაც მოსახლეობის დიდი ნაწილი მონატრებულია. კომპანიის საბოლოო მიზანია, რომ შეიქმნას საწარმო, პროექტს სავარაუდოდ სააგენტო ‘’აწარმოე საქართველოში“ ინვესტირების განვახორციელებთ. რა მასშტაბით გავზრდით წარმოებას და რა ინვესტირება დაგვჭირდება ამისთვის, დეტალები ჯერ დაზუსტებული არ გვაქვს“, - აცხადებს ნოდარ რაფავა.

მისი ინფორმაციით,  ‘’ჰამო-რეს“ პროდუქციით სარესტორნო ბიზნესი უკვე დაინტერესდა. როგავა არ გამორიცხავს, სექტორთან ითანამშრომლობას, თუმცა ბიზნესს გათვლა საცალო გაყიდვებზე აქვს და ამ სეგმენტის  ათვისებას გეგმავს.

ცნობისთვის, ‘’ჰამო-რე“  მიმდინარე წლის 5 იანვარს გაიხსნა. კომპანიამ  სახელწოდება  მეგრული სიტყვიდან აიღო, რაც სიტყვა-სიტყვით  საამოს, გემრიელს ნიშნავს.

მარი ჩიტაია

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით